ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.
,,ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს ...'' - ზურაბ გურული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის შესახებ
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ვაქცინაციასა და კორონავირუსის საწიმააღმდეგო პრეპარატის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.
ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.
ამჟამად ფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე.
ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.
კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA დიდი ალბათობით დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას.
ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც "ც" ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად.
ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს ...
მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული.