Baby Bag

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა

პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში იმყოფებოდა, თუმცა, კორონავირუსით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგა, კომპენსაცია მიეცემა. აღნიშულის შესახებ საქართველოს მთავრობის 314-ე დადგენილებაში წერია. დადგენილებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს ხელს. 

მთავრობის დადგენილების მიხედვით, პირებზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.

„დაქირავებულს (მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში), თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც (რაც დასტურდება დამქირავებლის მიერ სამსახურში საგანგებო მდგომარეობის პერიოდის დასრულებამდე წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციით), იღებდა ხელფასს (გარდა, პირის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა) და 2020 წლის 1 ივნისამდე შეუწყდა/შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან ან/და დამქირავებლისგან არ იღებს ხელფასს; კომპენსაცია დასაქმების სააგენტოს მიერ გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით, დანართში მითითებულ პირის საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც პირმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 30 რიცხვისა. ამასთან, მაისის 21-დან 30 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ინფორმაციების მიხედვით, კომპენსაცია გაიცემა არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა,“ - წერია დადგენილებაში. 

დეტალები იხილეთ ბმულზე  - ​საქართველოს მთავრობის 314 -ე დადგენილება 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სისხლის გამათხელებლების თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ," - ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია

ანესთეზიოლოგი არჩილ მარშანია კოვიდ-19-თან დაკავშირებით გავრცელებულ მითებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადამიანები ინტერნეტში გავრცელებულ ინფორმაციას მეტისმეტად ენდობიან, რის გამოც შეცდომაში შედიან:

„სამწუხაროდ ქაოსია, სამეცნიერო ინფორმაცია ძალიან მარტივად ვრცელდება, შესაბამისად მოსახლეობა შედის შეცდომაში. ჩვენ გვახსოვს იბუპროფენთან დაკავშირებული მითები, რომელიც არ დადასტურდა. იყო მითი ბეცეჟე-ს ვაქცინასთან დაკავშირებით. ამბობდნენ, რომ ის გვიცავდა ​კორონავირუსისგან, რაც ასევე არ დადასტურდა, რადგან გავრცელება ჩვენთანაც მაღალია. იგივე ხდება დღეს D და C ვიტამინზე. რომ დავიწყოთ D ვიტამინით, ზოგი ადასტურებს, მაგრამ ზოგი არ ადასტურებს, რომ მას რესპირატორულ დაავადებებთან მიმართებაში დამცველობითი ფუნქცია ახასიათებს.არ არსებობს რაიმე სარწმუნო წყარო, რომლის მიხედვითაც დამატებით C და D ვიტამინის მიღება დაგვიცავს კოვიდისგან ან კოვიდის გართულებებისგან. თუ ამ ვიტამინების დეფიციტი გვაქვს, რა თქმა უნდა, მათი მიღება უნდა გავაგრძელოთ.“

არჩილ მარშანიაც თქმით, D ვიტამინის დეფიციტის პრობლემა თუ არ გვაქვს, მისი მიღება აბების სახით საჭირო არ არის:

„D ვიტამინი, რა თქმა უნდა, საჭიროა ორგანიზმისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველდღიურად აბების სახით მივიღოთ გადაჭარბებული დოზებით. ​კვირაში სამი დღე მზეზე ყოფნითაც მივიღებთ საჭირო დოზას. მზისგან დამცავი კრემებიც კი არ აფერხებს მის მიღებას. არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ დეფიციტის პრობლემის არარსებობის დროს მივიღოთ ის აბების სახით.“

არჩილ მარშანია ადამიანებს მოუწოდებს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ თვითნებურად სისხლის გამათხელებელი აბები და საშუალებები:

„კორონავირუსის ერთ-ერთი ვერაგი გართულება არის თრომბოემბოლია. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა გართულებულია, ან როდესაც პაციენტი არის თრომბოემბოლიის რისკის ქვეშ. სხვა შემთხვევაში ჩვენ რუტინულად რაიმე სისხლის გამათხელებლების მიღება არ გვჭირდება. ​მით უმეტეს, თვითნებურად მიღებით კატასტროფულ შედეგამდე შეიძლება მივიდეთ. შესაძლოა, გაიზარდოს ინსულტების ან სისხლდენების რისკი. ლიმონიან წყალს რაც შეეხება, აქ მნიშვნელოვანია თვითონ წყალი და არა ლიმონი შიგნით. ლიმონი კარგია, არომატულია. ზოგ ადამიანს არ მოსწონს წყალი და გემოსთვის ერთი ნაჭერი ლიმონი რომ ჩავაგდოთ, კარგია. ისიც არ შეიძლება, რომ ლიმონი გავწუროთ და დავლიოთ. ამან შეიძლება გააღიზიანოს კუჭ-ნაწლავი.“

„ასპირინის ბუმი არის ახლა რატომღაც. გართულებულ შემთხვევებშიც კი ასპირინი არ არის პანაცეა. ნუ მიიღებთ ასპირინს თვითნებურად. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება,“ - აცხადებს არჩილ მარშანია.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად