Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

რას აცხადებს ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათთან დაკავშირებით?

რას აცხადებს ამირან გამყრელიძე კომენდანტის საათთან დაკავშირებით?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი სტაბილური იქნება, როგორც ახლაა, მაშინ კომენდანტის საათის მოხსნის საკითხსაც შემდეგ ეტაპზე განიხილავენ.

„დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო, უმაღლესში სწავლა აღდგა, საცურაო აუზები გაიხსნა, სპორტული ღონისძიებები. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას.

დარწმუნებული ვარ, კომენდანტის საათიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. ყოველი შემსუბუქების შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და თუ იგი ასეთი სტაბილური იქნა, შემდგომ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად