Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ინფორმაცია იმ მოხმარებლებისთვის, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი“

„ინფორმაცია იმ მოხმარებლებისთვის, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი“

მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად, - ინფორმაციას კომპანია ​„თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში. მოხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და უკვე დაფარეს გადასახადი, მთავრობის მიერ დაფინანსებული თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათებზე და გამოყენებული იქნება მომდევნო პერიოდის დავალიანების დასაფარად. ხოლო იმ მომხმარებლებს, რომლებსაც მარტის თვის გადასახადი (ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს) მიმდინარე პერიოდისათვის დაფარული არ აქვთ, არ მოეთხოვებათ მისი გადახდა და შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგება არ შეუწყდებათ. აღნიშნულში არ იგულისხმება თანადაფინანსება, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები, რომლებიც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად. აღნიშნული არ ეხებათ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს და ისინი მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს ფარავენ სრულად“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად