Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

კორონავირუსით 6 წლის ბავშვი დაინფიცირდა

კორონავირუსით 6 წლის ბავშვი დაინფიცირდა

,,​კორონავირუსით 6 წლის ბავშვი დაინფიცირდა'' - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, 6 წლის ბავშვი ერთ-ერთი იმ ოჯახიდანაა, რომლის წევრებსაც ვირუსი დაუდასტურდათ:

,,ჩვენ დადასტურებული 39 პაციენტი გვიწევს, გუშინ 38 გვყავდა და გვიან ღამით ერთი პაციენტი, ერთ-ერთი ოჯახის წევრი 6 წლის ბავშვი შემოგვემატა. ჩვენს ცენტრში 6 ბავშვი მკურნალობს, მათი მდგომარეობა რთული არ არის. ამ ეტაპზე სტაბილური სიტუაციაა, დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. ყველა ბავშვი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ქობულეთის კლასტერია,'' - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 370
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 77
  • მათ შორის გარდაცვლილი - 3
  • კარანტინის რეჟიმში - 5035
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3

წაიკითხეთ სრულად