Baby Bag

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს, ეს კიდევ ცალკე საკითხია“

„რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს, ეს კიდევ ცალკე საკითხია“

ამერიკაში მოღვაწე (ჰოპკინსის უნივერსიტეტში) ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

„კოვიდის პანდემიის და მოსალოდნელი სეზონური გრიპის გავრცელების შესახებ:

  • აჭარის მაგალითმა გვაჩვენა რამდენად მოუმზადებელი დახვდა კოვიდ ინფექციის გავრცელებას პირველადი ჯანდაცვის რგოლი და ჰოსპიტალური სექტორი; ძალიან კარგია რომ პროტოკოლები იცვლება და ხალხს ბინაზე მკურნალობის საშუალებას აძლევს, მაგრამ როდესაც ამხელა მასა სახლში გადაინაცვლებს, მარტივი ენით სამედიცინო ინფორმაციის მიტანა და ამ კამპანიაში ოჯახის ექიმების აქტიური ჩართვა, განსაკუთრებით სეზონური გრიპის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
  • ყველა კოვიდ-საწინააღმდეგო ზომა (მათ შორის ნიღბის ტარება და დისტანცირება) ასევე შეამცირებს სეზონური გრიპის ვირუსების გადაცემის სიხშირეს, ამიტომ გრიპის სეზონი წელს შესაძლებელია პარადოქსულად უკეთ წავიდეს ვიდრე წინა წლებში (ჩემი აზრით ასეც მოხდება). ამისთვის აუცილებელია კიდევ უფრო მეტი რესურსი დაიხარჯოს საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ამ ზომების შესახებ.
  • აქტუალური გახდება კომბინირებული ტესტირება (ანუ ერთი ნაცხით კოვიდის, გრიპის და/ან სხვა სეზონური ვირუსებისთვის ტესტირება), ამიტომ ამ ტესტების მომარაგება ერთერთი პრიორიტეტი უნდა გახდეს
  • რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას - დებატები გრძელდება იმასთან დაკავშირებით, რამდენაც ბევრი შტამი უნდა მოიცვას და რამდენად ადრე უნდა დაიწყოს ვაქცინაცია (ადრე აცრით იმუნიტეტის დასუსტების რისკი არსებობს სეზონის დასრულებამდე) - თუ საქართველოში მხოლოდ 130 ათასი ვაქცინის შემოტანაა დაგეგმილი - რისკ ჯგუფების მიხედვით მოხდება პრიორიტიზება, მაგრამ ვაქცინების დეფიციტი სერიოზული პრობლემა შეიძლება გახდეს
  • რაც შეეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას, რამდენიმე ქვეყნის ლიდერი შეიძლება გამოვიდეს და „იზეიმოს“ ვაქცინა ნოემბერ-დეკემბერში, თუმცა ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადება იქნება და სხვა არაფერი - რეალურად, უსაფრთხო ვაქცინით ფართო მასების მომარაგება 2021 წლის გაზაფხულამდე ვერ მოხდება, საქართველომდე როდის მოაღწევს ეს კიდევ ცალკე საკითხია, ასე რომ კოვიდის ვაქცინაზე საუბარი და დავა ჯერ აზრს მოკლებულია,'' - აღნიშნავს ექიმი.

წაიკითხეთ სრულად