საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ნევროლოგიური დავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით საერთოდ, უფასოდ უზრუნველყოფა მოვახდინოთ. შარშანდელიდან, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს იღებენ მაქსიმუმ 1 ლარად. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულები. მათ საშუალება აქვთ მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. მედიკამენტების ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება. დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების - გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიც არის ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
იხილეთ ასევე: უფასო მედიკამენტების პროგრამის გაფართოება წლის ბოლომდე იგეგმება