„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავრობის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები და ასევე, ის ოჯახები, ვისაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს დახმარება ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება:
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 65 000 და 100 000 ქულას შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს მოსახლეობის ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომლებიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დახმარების სახით ექნება 100 ლარი, ისევე, როგორც იყო პირველი ტალღის დროს. მაშინ ამ პროგრამით ისარგებლა 72 ათასმა ოჯახმა.
გარდა ამისა, დამატებით, 0-დან 100 000 ქულამდე მყოფ ოჯახებისთვის, ვისაც ჰყავს სამი ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ექნება 100 ლარის დახმარება. გარდა ამისა, 18-წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 100-ლარიანი დახმარება გაგრძელდება ექვსი თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.