„უკიდურესად მძიმე პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია:
,,რესპუბიკურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, მათ შორის 3 დღეს დატოვებს კლინიკას. 1 პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. მას ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა მინდა სასიხარულო ინფორმაცია ვაცნობო ყველას, რომ ეს პაციენტი ამ ეტაპზე გამოჯანმრთელებულია. ტესტირებაზე ორივე პასუხი მოვიდა უარყოფითი,'' - დასძინა თეა თავართქილაძემ.
ბოლო მონაცემებით:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 511
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 156
მათ შორის გარდაცვლილი - 6
კარანტინის რეჟიმში - 5085
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 558
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12-16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციას დავიწყებთ,“ - თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ 12-16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის მქონე ბავშვებში ვაქცინაციის დაწყება დააანონსა:
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 12-დან 16 წლამდე განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის ბავშვების ვაქცინაციას დავიწყებთ. რამოდენიმე ერთეულ ბავშვს სპეციალური მომართვის საფუძველზე ჩვენ უკვე ჩავუტარეთ ვაქცინაცია 12 წლის ასაკშიც, იყო ნევროლოგიური დარღვევა, იყო ორგანო გადანერგილი. გამოიყოფა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები, ტიპი 2 დიაბეტის მქონე ბავშვები, ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები, ნეირო-კოგნიტური მოშლილობები. ეს არც ისე მცირე ჯგუფია პაციენტების. რა თქმა უნდა, ეს ვაქცინაცია ჩატარდება მშობლის ინფორმირებული თანხმობის შედეგად.“
თემურ მიქელაძის თქმით, საქართველოში 16-49 წლის ასაკის უფრო მეტი ადამიანია აცრილი, ვიდრე 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები:
„16-დან 49 წლამდე არის უფრო მეტი აცრილი, ვიდრე 60 წელს გადაცილებული. ჩვენი მთავარი სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა. ფატალური გამოსავალი სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფშია. ბავშვებს კოვიდი ისედაც მსუბუქად გადააქვთ. მე პანდემიის დაწყებიდან 4500-მდე პაციენტი გავატარე, აქედან მქონდა მხოლოდ 27 ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა. იქიდანაც არცერთ ბავშვთან არ ყოფილა რაიმე განსაკუთრებული სიმძიმე.“
„ჩვენ რაც გვქონდა ბავშვებში ლეტალობის შემთხვევა, აქ იყო თანდაყოლილი პათოლოგიები, ნერვული სისტემის დაზიანება, თანდაყოლილი მანკი ან დაგვიანებული მიმართვა. სწორედ ამიტომ უნდა გამოიყოს ეს რისკ-ჯგუფის ბავშვები, რადგან ისინი ისედაც ცხოვრობდნენ და ას წლამდე იცხოვრებდნენ. მათ ქრონიკულ დაავადებას მართავს ოჯახის ექიმი. რომ არა კოვიდი, ისინი იქნებოდნენ ჯანმრთელად. ჩვენ გრიპის ვაქცინასაც, პირველ რიგში, განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებში ვაკეთებთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.