Baby Bag

„ნებისმიერ ვირუსს შეიძლება, გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი“ - ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე

„ნებისმიერ ვირუსს შეიძლება, გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი“ - ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე

„ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა.

„ქალბატონი 3 აპრილს შემოყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რაც განპირობებული იყო თანმხლები დაავადებებით. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ,  დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული ასაკი, პლუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება გართულებების მაღალ რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება,“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს მოლოდინი, რომ სასწავლო პროცესი სექტემბერშიც ვერ განახლდეს. როგორც მან ონლაინ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, იმედოვნებენ, რომ შემოდგომის დასაწყისი კორონავირუსთან დაკავშირებით მშვიდი იქნება:

„არ ველოდებით, რომ სექტემბერში შესაძლოა, სწავლა ვერ განახლდეს. ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ძალიან დიდი ალბათობით, იმედი გვაქვს, იქნება შედარებითი სიმშვიდისა და სიწყნარის პერიოდი კორონავირუსთან დაკავშირებით. როდესაც აღვნიშნეთ, რომ კორონავირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს (ასეთია მსოფლიო მეცნიერების პროგნოზი), ამან ვნებათაღელვა გამოიწვია. თუ ჩვენ არ გვექნება ეფექტიანი ანტივირუსული საშუალება ზამთრისათვის, თუ არ გვექნება ვაქცინა (რომელიც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ზამთრისთვის დედამიწის მოსახლეობისთვის იყოს), რა თქმა უნდა, დიდია ალბათობა, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდი სცენარისთვის, რადგან ყოველთვის სჯობს მზად იყო, ვიდრე მოუმზადებელი დახვდე საფრთხეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ პრევენციული ღონისძიებები რჩება, მათ შორის, ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. შემოდგომის სეზონიდან, როდესაც სრული დატვირთვით განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები, მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რომ სწორად მოხდეს დაწესებულებელში ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. ამ დაწესებულებებში უნდა იყოს ჰიგიენური საშუალებები, მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს კი უნდა გამოუმუშავონ ჰიგიენის დაცვის სწორი წესები”, - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად