Baby Bag

„ნებისმიერ ვირუსს შეიძლება, გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი“ - ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე

„ნებისმიერ ვირუსს შეიძლება, გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური შედეგი“ - ლევან რატიანი კორონავირუსით გარდაცვლილ მეორე პაციენტზე

„ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა.

„ქალბატონი 3 აპრილს შემოყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რაც განპირობებული იყო თანმხლები დაავადებებით. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლებისა და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ,  დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, აღნიშნული ასაკი, პლუს აღნიშნული პათოლოგია მიეკუთვნება გართულებების მაღალ რისკს და პოლიორგანულ უკმარისობას. ნებისმიერ ვირუსს შესაძლებელია გამოეწვია ამ ქალბატონთან მდგომარეობის დამძიმება და ლეტალური გამოსავალი“ , - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტიდან შემოვა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა  13 მარტიდან შემოვა

„საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე, 13 მარტიდან შემოვა.“ - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა შემოვა, რომელიც მედპერსონალზე გადანაწილდება. ვაქცინების შემოტანა ქვეყანაში ეტაპობრივად მოხდება.

„საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით. ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან საქართველოში დაიწყება ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება. იუნისეფის ჩართულობით მიღწეულ იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულად 43 200 დოზის მოწოდებაზე. ვაქცინა იმ არსებული პროტოკოლით გადანაწილდება, რომელიც შემუშავებულია ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისო საკოორდინაციო კომისიის მიერ.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელთან.

„გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა მომწოდებელთან, ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ასევე ვმუშაობთ პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან ორი მიმართულებით - ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პროცესში ასევე ჩართულია გერმანიის მთვარობაც.

„ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობაც, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით. მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა „იუნისეფს“, რომელიც საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდების პროცესში ინტენსიურად არის ჩართული.

წაიკითხეთ სრულად