Baby Bag

ტეხასში დააკავეს მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა

ტეხასში დააკავეს მასწავლებელი, რომელიც სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა

ტეხასში 62 წლის მასწავლებელი დააკავეს, რომელიც სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა. ის თანამშრომლებისადმი ნეგატიურ განწყობას ღიად გამოხატავდა და მათი მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა. მარკ ალან დევისი ტეხასის ერთ-ერთ ლუთერანულ სკოლაში სოციალურ თეორიებსა და თეოლოგიას ასწავლიდა. პოლიციამ მასწავლებელი იარაღის აკრძალულ ადგილას გამოყენების გამო დააკავა. სკოლაში იარაღის შეტანა კანონდარღვევაა. მარკ ალან დევისს ბრალი ორი დანაშაულის: სკოლის ტერიტორიაზე იარაღის შეტანის და მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთების გამო წაუყენეს. მასწავლებელს გირაოს სახით 50 500 $-ის გადახდა მოუწევს.

ერთ-ერთმა პედაგოგმა სკოლის უსაფრთხოების სამსახურს მასწავლებლის უკანონო ქმედების შესახებ აცნობა. მან აღნიშნა, რომ დევისი სკოლაში უჩვეულოდ გაღიზიანებული და გაბრაზებული მოვიდა. მასწავლებლის თქმით, ის სკოლის დირექტორისადმი უკმაყოფილებას ღიად გამოხატავდა. დევისი აღნიშნავდა, რომ დირექტორმა ერთ-ერთ სკოლას წერილი მისწერა, რომელშიც მასწავლებელს ნეგატიურად აფასებდა. გაბრაზებული პედაგოგის თქმით, მას აგრესიული ქმედებისკენ სწორედ დირექტორმა უბიძგა.

დევისი სკოლის ბეისბოლის მწვრთნელის მიმართაც აგრესიული იყო. მისი თქმით, მწვრთნელი მისდამი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ხშირად ავლენდა, რის გამოც მას სკოლის სპორტულ ცხოვრებაში ჩართვის საშუალება არ ეძლეოდა.

დევისმა სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს გაანდო, რომ შაშხანის შეძენას გეგმავდა. მან მასწავლებელს ისიც უთხრა, რომ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოსული. დევისის თქმით, მას იარაღი ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჰქონდა გადამალული. დევისი იმასაც აღნიშნავდა, რომ მედიკამენტების მიღება დაიწყო. მან არაერთხელ გაიმეორა, რომ თანამშრომელთა მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.

პედაგოგმა, რომელსაც დევისი გულახდილად გაესაუბრა, სკოლის უსაფრთხოების სამსახურს მიაკითხა. დაცვის ერთ-ერთმა წევრმა ცეცხლსასროლი იარაღი დევისის პორტფელში აღმოაჩინა.

სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებელს იარაღი ჩამოართვა და მას სასწავლებლის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. დევისმა იარაღის სკოლაში მიტანის მთავარ მოტივად მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა დაასახელა. სკოლის უსაფრთხოების სამსახურმა დევისის იარაღი პოლიციას გადასცა. მოგვიანებით მასწავლებელი დააკავეს.

მარკ ალან დევისს იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, თუმცა მისი სკოლაში მიტანა არ შეეძლო, რადგან სასწავლო დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა უკანონო ქმედებად ითვლება.

„აღნიშნული ტიპის ქმედებებები ტეხასის კანონმდებლობას ღიად უპირისპირდება. ჩვენ მსგავს ინციდენტებს ყოველთვის სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან ეს სერიოზული შემთხვევაა. ჩვენი ლუთერანული სკოლისთვის მოსწავლეების, მასწავლებლების და თანამშრომლების უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას,“ - ნათქვამია სკოლის წარმომადგენელთა განცხადებაში.

დევისმა, რომელიც სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა, სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატის დახმარება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასწავლებელს იარაღის ტარების უფლება დროებით შეუჩერდა და ლუთერანულ სკოლასთან მიახლოება აეკრძალა. დევისის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 2 500$ გირაოს დაკისრება მოითხოვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, ხოლო 500 $-ის სკოლის კანონმდებლობის დარღვევისთვის. ადვოკატის მტკიცებით, დევისს აღნიშნულ შემთხვევამდე დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მას კრიმინალური მიდრეკილებები არ აქვს. სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„სასწავლო დაწესებულებაში იარაღის შეტანა დაუშვებელია. არ აქვს მნიშვნელობა, რისთვის იყენებს ესა თუ ის ადამიანი ამ იარაღს. მოსწავლეთა და თანამშრომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. გადახედეთ ჩვენს წარსულ გამოცდილებას. მასობრივ სროლებში მონაწილე ადამიანები, რომლებმაც ბავშვები დახოცეს, კრიმინალური წარსულის მქონე მოქალაქეები არ ყოფილან. მათ რომ რაიმე სახის დანაშაული თავდასხმების მოწყობამდე ჩაედინათ, ცხადია, ისინი ვეღარ შეძლებდნენ მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩადენას, რადგან პოლიცია მათ იარაღის ტარების უფლებას აღარ მისცემდა,“ - ნათქვამია სასამართლოს წარმომადგენლის ოფიციალურ განცხადებაში.

ლუთერანულ სკოლაში მომხდარ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე ტეხასის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მოსწავლეს გულ-მკერდის არეში ესროლეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სეზარ კორტესი ერთ-ერთმა 16 წლის მოსწავლემ უნებლიე გასროლის შედეგად მოკლა, რის გამოც ის წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით გაასამართლეს.
მომზადებულია houstonchronicle.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს უკრაინის სამშობიაროს დაბომბვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სკანდალური პოსტი წაუშალეს

ლონდონში რუსეთის საელჩოს მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტს საზაგადოების განრისხება მოჰყვა. საელჩო ამტკიცებდა, რომ მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ორსული ქალი მსახიობი იყო და მას „ძალიან რეალისტური მაკიაჟი“ ჰქონდა გამოყენებული. აღნიშნული პოსტი Twitter-მა დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით წაშალა.

ორსული ქალბატონის ფოტოსთან დაკავშირებით რუსეთის საელჩო წერდა: „მას ძალიან რეალისტური მაკიაჟი აქვს. ის კარგად მუშაობს თავის სილამაზის ბლოგებზეც. შეტევის დროს ის ვერ იქნებოდა სამშობიაროში, რადგან შენობა დიდი ხანია აიღო ნეონაცისტურმა აზოვის ბატალიონმა, რომელმაც თანამშრომლებს ადგილის დატოვება უბრძანა.“

ცრუ ბრალდებები თავდაპირველად რუსული Telegram არხებიდან გავრცელდა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბლოგერმა დაბომბვის დროს ორი განსხვავებული ორსული ქალის როლი ითამაშა.

რუსეთი უკრაინაში სამხედრო აგრესიის განხორციელებას დღემდე უარყოფს და ომთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას აქტიურად ავრცელებს. ვირტუალურ სივრცეში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და საზოგადოება ხშირად შეცდომაში შეჰყავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ლონდონში რუსეთის საელჩოს Twitter-მა პლატფორმის წესების დარღვევის გამო უკვე სამი პოსტი წაუშალა.

მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვისას ფოტოზე აღბეჭდილი ქალი უკრაინელი ბლოგერი მარიანა პოდგურსკაიაა, რომელიც ორსულად არის.

წყარო:​ techcrunch.com

წაიკითხეთ სრულად