ლოს-ანჯელესში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს სკოლის სათამაშო მოედანზე საწვავი გამოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის ოცი მოსწავლე და 11 ზრდასრული ადამიანი დაზიანდა. Delta Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, მოულოდნელად ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მას სასწრაფოდ მოუხდა აეროპორტში დაბრუნება. ერთ-ერთი სკოლის მოედანზე საწვავი სწორედ ამ დროს გადმოიღვარა.
სკოლის სათამაშო მოედანზე ორი კლასი იმყოფებოდა. ბავშვების უმეტესობამ კანის დაზიანება მიიღო, მათ ნაწილს კი სუნთქვის პრობლემები შეექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებები უმეტესად მსუბუქ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ბავშვების ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ რა გახდა საბავშვო მოედანზე საწვავის გადმოღვრის მიზეზი. ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ინციდენტის მიზეზი ავიაკომპანიის მხრიდან გარკვეული წესების დარღვევაც გამხდარიყო.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ. როგორც წესი, საწვავის გადმოღვრა მხოლოდ გარკვეული სიმაღლიდან არის დასაშვები, რათა მან დედამიწაზე მოხვედრამდე მცირე ატომებად დაშლა მოასწროს. ასევე დაუშვებელია საწვავის გადმოღვრა დასახლებული პუნქტის მახლობლად.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს Delta AirLines-ის წარმომადგენლობაც. მათი თქმით თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრა წესების სრული დაცვით მოხდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება აუცილებელი გახდა. დაშვებამდე საწვავის გადმოღვრა კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ბავშვებმა დაზიანებები ნამდვილად თვითმფრინავიდან გადმოღვრილი საწვავის გამო მიიღეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამენ და კომპანიას ბავშვების სიცოცხლის გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებენ.
ინციდენტის შემდეგ სკოლიდან ევაკუირებული ბავშვები მშობლებმა სახლებში წაიყვანეს. მომხდარი შემთხვევის გამო პოლიციამ ლოს-ანჯელესის ორი ქუჩა გადაკეტა.
„არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს. როგორც განცხადებაში სპორტსმენი აღნიშნავს, არ აპირებს ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას და იმის მტკიცებას, რაც ნამდვილად არ ყოფილა.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება, 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემს შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ“, - აღნიშნულია მიმართვაში.
შეგახსნებთ, რომ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუა განცხადებით, ჩოგბურთელი დანაშაულს არ აღიარებს.