Baby Bag

ლოს-ანჯელესში თვითმფრინავიდან საწვავი გადმოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეები დაზიანდნენ

ლოს-ანჯელესში თვითმფრინავიდან საწვავი გადმოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეები დაზიანდნენ
ლოს-ანჯელესში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს სკოლის სათამაშო მოედანზე საწვავი გამოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის ოცი მოსწავლე და 11 ზრდასრული ადამიანი დაზიანდა. Delta Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, მოულოდნელად ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მას სასწრაფოდ მოუხდა აეროპორტში დაბრუნება. ერთ-ერთი სკოლის მოედანზე საწვავი სწორედ ამ დროს გადმოიღვარა.

სკოლის სათამაშო მოედანზე ორი კლასი იმყოფებოდა. ბავშვების უმეტესობამ კანის დაზიანება მიიღო, მათ ნაწილს კი სუნთქვის პრობლემები შეექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებები უმეტესად მსუბუქ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ბავშვების ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ რა გახდა საბავშვო მოედანზე საწვავის გადმოღვრის მიზეზი. ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ინციდენტის მიზეზი ავიაკომპანიის მხრიდან გარკვეული წესების დარღვევაც გამხდარიყო.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ. როგორც წესი, საწვავის გადმოღვრა მხოლოდ გარკვეული სიმაღლიდან არის დასაშვები, რათა მან დედამიწაზე მოხვედრამდე მცირე ატომებად დაშლა მოასწროს. ასევე დაუშვებელია საწვავის გადმოღვრა დასახლებული პუნქტის მახლობლად.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს Delta AirLines-ის წარმომადგენლობაც. მათი თქმით თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრა წესების სრული დაცვით მოხდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება აუცილებელი გახდა. დაშვებამდე საწვავის გადმოღვრა კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ბავშვებმა დაზიანებები ნამდვილად თვითმფრინავიდან გადმოღვრილი საწვავის გამო მიიღეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამენ და კომპანიას ბავშვების სიცოცხლის გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებენ.

ინციდენტის შემდეგ სკოლიდან ევაკუირებული ბავშვები მშობლებმა სახლებში წაიყვანეს. მომხდარი შემთხვევის გამო პოლიციამ ლოს-ანჯელესის ორი ქუჩა გადაკეტა.



მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

სეზონური გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მომავალი კვირიდან იქნება

სეზონური გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მომავალი კვირიდან იქნება
,,სეზონური გრიპის ვირუსების საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის სამინისტრო 250 ათას ერთეულ ვაქცინის შეძენას გეგმავს,'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკაგერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სეზონური გრიპებთან დაკავშირებით ვაქცინის ნაწილი უკვე შეძენილია და დამატები კიდევ მოხდება შეძენა:

„ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ დამატებით კიდევ შევიძინოთ ვაქცინა. ვხედავთ, რომ მოსახლეობაში გაზრდილია, როგორც ნდობა, ასევე სურვილი იმისა, რომ იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი იქნება ქალაქში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. საერთო ჯამში, 250 ათას ერთეულ ვაქცინას შევიძენთ“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად