ლოს-ანჯელესში თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს სკოლის სათამაშო მოედანზე საწვავი გამოიღვარა, რის შედეგადაც სკოლის ოცი მოსწავლე და 11 ზრდასრული ადამიანი დაზიანდა. Delta Airlines-ის თვითმფრინავს, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა, მოულოდნელად ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მას სასწრაფოდ მოუხდა აეროპორტში დაბრუნება. ერთ-ერთი სკოლის მოედანზე საწვავი სწორედ ამ დროს გადმოიღვარა.
სკოლის სათამაშო მოედანზე ორი კლასი იმყოფებოდა. ბავშვების უმეტესობამ კანის დაზიანება მიიღო, მათ ნაწილს კი სუნთქვის პრობლემები შეექმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებები უმეტესად მსუბუქ ხასიათს ატარებდა, რის გამოც ბავშვების ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. აუცილებლად უნდა გაირკვეს, თუ რა გახდა საბავშვო მოედანზე საწვავის გადმოღვრის მიზეზი. ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ინციდენტის მიზეზი ავიაკომპანიის მხრიდან გარკვეული წესების დარღვევაც გამხდარიყო.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა საფრთხე თავიდან ავიცილოთ. როგორც წესი, საწვავის გადმოღვრა მხოლოდ გარკვეული სიმაღლიდან არის დასაშვები, რათა მან დედამიწაზე მოხვედრამდე მცირე ატომებად დაშლა მოასწროს. ასევე დაუშვებელია საწვავის გადმოღვრა დასახლებული პუნქტის მახლობლად.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს Delta AirLines-ის წარმომადგენლობაც. მათი თქმით თვითმფრინავიდან საწვავის გადმოღვრა წესების სრული დაცვით მოხდა. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის გამოც ავარიული დაშვება აუცილებელი გახდა. დაშვებამდე საწვავის გადმოღვრა კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელი იყო.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ ბავშვებმა დაზიანებები ნამდვილად თვითმფრინავიდან გადმოღვრილი საწვავის გამო მიიღეს. მომხდარი ინციდენტის შემდეგ სკოლიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოქალაქეები შეშფოთებას გამოთქვამენ და კომპანიას ბავშვების სიცოცხლის გაუფრთხილებლობაში ადანაშაულებენ.
ინციდენტის შემდეგ სკოლიდან ევაკუირებული ბავშვები მშობლებმა სახლებში წაიყვანეს. მომხდარი შემთხვევის გამო პოლიციამ ლოს-ანჯელესის ორი ქუჩა გადაკეტა.
ახალი შეზღუდვები, რომლებიც დღეს საქართველოს მთავრობამ დააწესა, 28 ნოემბრიდან ამოქმედდება
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,
28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:
ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:
21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;
მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა;
რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. (დასაშვებია: პროდუქტის გატანა ე.წ. takeaway, ,,დელივერი“ „დრაივი“)
ფიტნეს დარბაზებისა და საცურაო აუზების მუშაობა;
ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის, კულტურული, გასართობი ღონისძიებების ჩატარება – დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.
სპორტული, სახელოვნებო და კულტურული წრეების/სტუდიების საქმიანობა.
დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:
ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
სათხილამურო კურორტეზე ასევე:
სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.
24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში ხდება შეზღუდვების შემსუბუქება:
ქვეყნის მასშტაბით:
იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
3 იანვარი – 15 იანვრის პერიოდში
ქვეყნის მასშტაბით:
ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.
16 იანვარი – 31 იანვარი
ქვეყნის მასშტაბით:
აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
დელივერსა და გატანის სერვისებს;
სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
აგრარული ბაზრობის მუშაობას
და სხვ.
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.