Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

​ჩემს მოსწავლეებს - მიზნის მიღწევას ათი მთავარი რამ განაპირობებს...

​ჩემს მოსწავლეებს - მიზნის მიღწევას ათი მთავარი რამ განაპირობებს...

„​ჩემს მოსწავლეებს

მიზნის მიღწევას ათი მთავარი რამ განაპირობებს:

1. დაინახე, რა გინდა;

2. დარწმუნდი, რომ ნამდვილად გინდა და შეგიძლია კიდეც - არარეალური მიზნები ადამიანს არ ამშვენებს;

3. გამორიცხე ის შესაძლებლობა, რომ ეს სხვებს დააზიანებს - ბოროტი მიზნები კაცს ამახინჯებს;

4. ეცადე მიხვდე, მიზანს მხოლოდ შენი ძალისხმევა ეყოფა, თუ მოკავშირეებიც დაგჭირდება - მათ მოძებნასა და დაყოლიებას დრო დასჭირდება;
5. გაიაზრე მოქმედების ალგორითმი - განჭვრიტე, რა ნაბიჯები უნდა გადადგა, რა დროში და როგორი თანმიმდევრობით;
6. რომაელთა ფიქრის კვალდაკვალ, იჩქარე ნელა - როგორც ერთ ძველ ფილმში ამბობენ: „ცხრა ფეხმძიმე ქალიც რომ შეკრიბო, ბავშვი მაინც ვერ დაიბადება ერთ თვეში“;
7. გახსოვდეს, შენი ჩანაფიქრი უკვდავი უცვლელობა არ არის - შესაძლოა კორექცია დასჭირდეს და ამისთვის ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყო;
8. გზაზე სიარულისას აღიარე და სწრაფად გამოასწორე შეცდომა;
9. არ დაივიწყო, რომ „სწორი გზით მიმავალი კოჭლი გაასწრებს გზასაცდენილ მორბენალს“ და ნუ შეგაჩერებს დაბრკოლებები, რადგან „თუ გზაზე გაჩერდები, რათა ქვა ესროლო ყოველ ძაღლს, რომელიც გიყეფს, ვერასდროს მიაღწევ მიზანს“;
10. არ დაიზარო გონივრული გარჯა და როცა მიზანს მიაღწევ, საკუთარ თავზე ადრე შემოქმედს უთხარი მადლობა, რადგან „რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების“.
ავტორი: ფილოლოგი გია მურღულია
წაიკითხეთ სრულად