Baby Bag

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

„სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ“

მწერალი და  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე საქართველოში აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის უმ­ძი­მეს შე­დე­გებს სოციალური ქსელით ეხ­მიანება. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

წლების წინ ერთი კარგი თანამშრომელი გვყავდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ცხადია, ის ბიჭი ახლაც კარგი ბიჭია, უბრალოდ ჩვენთან აღარ მუშაობს. არ მუშაობს იმიტომ, რომ ყველამ ერთად გამოვცადეთ, რას უშვება ადამიანს ეს დიდი და საშინელი მიჯაჭვულობა - აზარტული თამაშების მონობა ანუ ლუდომანია. დავინახეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ერთი დაუკვირვებელი შეხედვით, უწყინარმა გართობამ, სხვა მხრივ, სრულიად ჯანსაღი ადამიანი. დავინახეთ, რომ უკვე რაღაც რელიგიასთან გათანაბრებულ ექსტაზს დაემსგავსა ეს გზა - სხვები, უბრალოდ აღარ ვარსებობდით და თუ ვარსებობდით, ამ ყველაფრის დროებით ინსტრუმენტად - 100 ლარის მსესხებლად. არასდროს ვიტყვი, არც ამ ადამიანის სახელს და არც იმას - სად მივიდა მისი ,,ფანტაზია". არ ვიტყვი, მათ შორის იმიტომაც, რომ მგონია - მას აქვს უკან დაბრუნების შანსი - ცხოვრებაში და ბიბლიოთეკაშიც.

ცხადად მესმის, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა იქამდე, სანამ სხვას არ აზარალებს. ზოგადი დათქმით და უჩარჩოო ფიქრითაც ასეა - უნდა მოწევს, უნდა თავს მოიკლავს და უნდა ითამაშებს.

მაგრამ კიდევ უფრო ცხადად მესმის და მჯერა, რომ ჩვენ - სხვა დანარჩენი ადამიანები თანაგრძნობის არსებები უნდა ვიყოთ. უნდა ვეცადოთ და იმ სივრცეში, სადაც ჩვენი ხმა ფასობს, უარი ვუთხრათ ამ მოუთოკავ სენს. ვიცით, რომ ვერ დავამარცხებთ და სულ იარსებებს, მაგრამ მანძილს მაინც შევუზღუდავთ.

ოპერატორი სანდროს ამბავი დიდ გაფრთხილებად უნდა იქცეს. თუ რამე არ ვარ, მორალისტი და მორალიზმით დაავადებული. არც იმას ვკიცხავ, ვინც თვეში ორჯერ ტოტალიზატორში 10 ლარს დებს და შეიძლება მოგებული ოცი ლარით, დამატებით პროდუქტს ყიდულობს. მაგრამ იქ, სადაც ადამიანები თავს კარგავენ, სადაც სათამაშო აპარატებზე ბოლო ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკი ,,ჯდება" - ხმა უნდა ამოვიღოთ.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხშირად იმართება ღონისძიებები, სადაც მათ შორის აზარტული თამაშების რეკლამასაც მოკრავთ თვალს. ჩვენ, ამიერიდან, გადავწყვიტეთ და ამგვარ ბანერებს აღარ განვათავსებთ. ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთიც, ვინმე მწყურვალს დახრჩობას აარიდებს.“

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს“ - იტალიელი პედაგოგის 19 მცნება მშობლებს

„თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს“ - იტალიელი პედაგოგის 19 მცნება მშობლებს
მარია მონტესორი იტალიელი პედაგოგი, მეცნიერი, ფილოსოფოსი და ჰუმანისტი იყო. იგი ცნობილია ბავშვთა დაბადებიდან სიყმაწვილემდე აღზრდის განსაკუთრებული მეთოდითა და ფილოსოფიით. ამჟამად მისი განათლების მეთოდი მთელ მსოფლიოში მრავალ საჯარო თუ კერძო სკოლაში გამოიყენება. იტალიელმა პედაგოგმა ჩამოაყალიბა მოკლე მცნებები მშობლებისთვის.

​​MomsEdu.ge​ გთავაზობთ მარია მონტესორის 19 მცნებას მშობლებისთვის:

1. ბავშვები სწავლობენ იმას, რაც მათ გარშემოა.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.
4. თუ ბავშვს მტრობას უჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.
5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას ეჩვევა.
6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და გაუბედავი ხდება.
7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რწმენას სწავლობს.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მუდმივად დამნაშავედ გრძნობს თავს.
9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობას, ის მოთმინებას სწავლობს.
11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის თავდაჯერებული ხდება.
12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.
13. არ თქვათ ბავშვზე ცუდი - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას ახლა ან ცოტა მოგვიანებით.
17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეეცადეთ შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, მოთმინებით, ჩუმად და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას კარგი მანერებით იმოქმედეთ, დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.
წაიკითხეთ სრულად