Baby Bag

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

ცოლად შერთვის მიზნით მოტაცებისთვის ორი პირი დააკავეს

პოლიციამ 19 წლის გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ფ.ა. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, თანამზრახველთან - ი.ა.-სთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ამავე სოფლის მკვიდრს - 2000 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს და ავტომანქანით მარნეულის მიმართულებით წაიყვანა.

სოფელ ქეშალო-2-ში მისვლისას, ბ.გ.-მ გაქცევა შეძლო, ფ.ა. და ი.ა. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად