Baby Bag

საქართველოში ქალები მამაკაცებთან შედარებით 8 წლით დიდხანს ცხოვრობენ - საქსტატი

საქართველოში ქალები მამაკაცებთან შედარებით 8 წლით დიდხანს ცხოვრობენ - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ​ინფორმაციით2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს დაბადებულთა რიცხოვნობა გარდაცვლილთა რაოდენობას 4 614 კაცით აღემატებოდა.

პუბლიკაციის თანახმად, 2019 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 48.1 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 51.9 პროცენტი ქალია. 0-14 წლის მამაკაცების წილი მთლიან მოსახლეობაში ჭარბობს ქალებისას, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის განსხვავება 8.5 წელს შეადგენს. 

2018 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შეადგინა 74.0 წელი, მათ შორის მამაკაცებისათვის – 69.7, ხოლო ქალებისათვის – 78.2 წელი.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია (2 322.5 კაცი 1 კვ.კმ.-ზე) სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე მცირე მოსახლეობა ცხოვრობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (29.7 ათასი კაცი) და მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე არ აღემატება 7 კაცს.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში!''

,,ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში!''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში კოვიდის მკურნალობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა ჯანმოს, კოვიდ მკურნალობაზე მონიტორინგის ჯგუფი და ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში:

,,რამდენიმე დღის წინ საქართველოში იმყოფებოდა ჯანმოს, კოვიდ მკურნალობაზე მონიტორინგის ჯგუფი, შვედი სპეციალისტის, რეანიმატოლოგის ხელმძღვანელობით. მოხდა რამოდენიმე დიდი კლინიკის ინსპექტირება. გუშინწინ ჩატარდა საერთო, შემაჯამებელი შეხვედრა და ამას გარდა, ცალკეულ კლინიკებთან იყო ცალკე შენიშვნები და თითოეულს დაეგზავნებათ პირადად.

ჩვენი კლინიკის რეანიმაციის მონიტორინგისას - ძალიან საფუძვლიანი, აუარება კითხვარით; სრული აღკაზმულობით შემოვიდნენ განყოფილებაში და ყოველ დეეტალს მიაქციეს ყურადღება - აღინიშნა, რომ მკურნალობის კურსი მიმდინარეობს პროტოკოლების სრული დაცვით და განსაკუთრებულად აღნიშნა ავადმყოფთა მოვლის მაღალი სტანდარტი.

საერთო განხილვისას აღნიშნა, რომ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ჩვენს ზოგიერთ კლინიკაშიც უშვებენ შეცდომას, როდესაც იწყებენ ანტიბიოტიკურ მკურნალობას ადრეულ, ვირუსულ ფაზაში! როდესაც ჯერ არაა წამოსული ბაქტერია. ეს ძალიან ართულებს შემდგომ ფაზაში მკურნალობას! ამავე დროს, ბაქტერიულ ფაზაშიც მკურნალობა უნდა იყოს დამიზნებითი- ჯერ უნდა განისაზღვროს კულტურა და ისე შეირჩეს შესაბამისი ანტიბიოტიკი და არა ბრმად- ფართე სპექტრის.

რა თქმა უნდა, კვლავ მაღალი რისკის შემცველებად მიიჩნევიან მოხუცები და სხვა სომატური ავადმყოფები. გავითვალისწინოთ: რეანიმაციაში ცუდი პარამეტრების გამო მოხვედრილ მოხუც ავადმყოფს, ძალიან მცირე შანსი აქვს გადარჩენის! ნუ დავტოვებთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს უშანსოდ, უნდა ავცრათ! ..

...კლინიკების ლანძღვა, უიმედო ავადმყოფს ვეღარ შველის, სამწუხაროდ..

ძალიან ხშირად მესმის: ,,თავის ფეხით შევიდა და დამძიმდა.." კოვიდ ავადმყოფი, თითქმის 99% -ში თავისი ფეხით შედის, ფილტვის თუნდაც მძიმე დაზიანება სიარულს არ უშლის, მაგრამ აღმავალი პროცესი როდესაც მიდის, სწორედ კლინიკის პირობებში შეიძლება დამძიმდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად პაციენტიც ვერ ეხმარება ექიმს, ვერ ან არ იცავს დანიშნულ რეჟიმს. მოგეხსენებათ, პირდაპირი მოქმედების წამალი ჯერ არ გვაქვს, ამიტომ მკურნალობა მიდის კომპლექსურად, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟანგბადით მკურნალობას, გულმკერდის მასაჟს, მუცელზე წოლას. მართლა არ მახსოვს შემთხვევა, როცა პაციენტმა იბრძოლა ჩვენთან ერთად, არ ჩაიქნია ხელი და არ გადარჩა! მოხუცებს, ცხადია ბრძოლაც უჭირთ.. ერთმა მადლიერმა პაციენტმა მამაკაცმა, რომელმაც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა, თავისი ხელით შეკერა და გადმოგვცა საჩუქრად 4 სპეციფიკური, თავჩასარგები ბალიში მუცელზე მწოლი ავადმყოფებისთვის. ეს ბალიშები ჩემთვის მილიონობით ლარის აპარატურაზე არანაკლებ ძვირფასია...

ყველაზე მძიმე კი მაინც კოვიდის მოულოდნელი გართულებებია. მოგეხსენებათ, ვირუსი აზიანებს ენდოთელიუმს, მათ შორის- სისხლძარღვთას. ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება მიმდინარეობდეს ფარულად ეს პროცესი და მედიცინის ახლანდელ ეტაპზე ვერ გავიგოთ. თუ ჩონჩხის კუნთებშია- ვიღებთ ჰემატომებს, რომელიც შეიძლება საოპერაციოც გახდეს. ხოლო თუ თავის ტვინის სისხლძარღვებში- შეიძლება გასაწერი, თითქოს სრულიად გაჯანსაღებული ავადმყოფი უეცრად მოკლას! ამაზე მძიმე გადასატანი ექიმისთვის, მერწმუნეთ არაფერია..'' - აღნიშნავს დავით გადელია. 

წაიკითხეთ სრულად