Baby Bag

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება. გთავაზობთ მის განცხადებას:

„2019 წლის 27 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შესახებ, რომელსაც გამვლელმა დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მოგვიანებით, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას. 

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სისტემური პრობლემა რჩება, რაც აბრკოლებს არსებული რეგულაციების და სერვისების ეფექტურ განხორციელებას. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირე ამ სფეროში ადამიანური რესურსის, ეფექტური სერვისების, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს იწვევს.

საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა.

სოციალური სერვისების სიმცირე ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას.

სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით, გამოწვევად რჩება თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობა, თავის მხრივ განაპირობებს მათზე მისაწვდომობის ნაკლებობას და შემთხვევათა გამწვავებას.

პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის უწყვეტობის საკითხიც. მაგალითისთვის, 2018 წელს ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში, რაც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალს გარეშე სერვისების გაძლიერების საჭიროებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით. მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევას,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ლაზარეს შაბათს ვეზიარე... როდესაც გავიგე რომ კორონავირუსი აღმომაჩნდა, გაუჩერებლივ ვტიროდი, რომ სხვას არ გადასდებოდა, თუმცა არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს“

„ლაზარეს შაბათს ვეზიარე... როდესაც გავიგე რომ კორონავირუსი აღმომაჩნდა, გაუჩერებლივ ვტიროდი, რომ სხვას არ გადასდებოდა, თუმცა არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს“

კორონავირუსისგან სრულად განკურნებული ქეთი თოდუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

„მადლობა ღმერთს, სრულად გამოვჯანმრთელდი!

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მკითხულობდა, ჩემზე დარდობდა! ჩემთვის უცხო ადამიანები მწერდნენ და მამხნევებდნენ. ეს იმხელა ნუგეში იყო იმ რთულ დღეებში!

​მე ჩემს თავზე არ ვდარდობდი, ცრემლი არ შემშრობია, რაც გავიგე, რომ კორონა აღმომაჩდა. ვტიროდი გაუჩერებლივ იმის დარდით, რომ სხვას არ გადასდებოდა და სხვისი ჯანმრთელობა არ დამეზიანებინა! იყვნენ ადამინები და სამწუხაროდ, ვკითხულობდი მათ კომენტარებს, როგორ მაკრიტიკებდნენ, შელამაზებულად მლანძღავდნენ, გულს უფრო მიკლავდნენ, მე კი მათ ვეტყვი - სიბრალური და მეტი სიყვარული ჰქონდეთ ადამინებისადმი.

დღეს 21-ე დღეა, რაც ტაძარში ვიყავი და ვეზიარე. ლაზარეს შაბათს ვიყავი მარტყოფის მონასტერში, მამა ბენიამინს ჩავაბარე აღსარება, ვეზიარე და ჩემთან ერთად სხვებიც იყვნენ, ვინც იმ დღეს 
ეზიარნენ! უამრავი ადამიანი იყო. რაც არ უნდა დისტანცია დამეცვა, ერთი კოვზით ხომ ვეზიარეთ უფლის სისხლს და ხორცს, ხატებს ვემთხვიე!

​მეორე დღეს ბზობა იყო. წირვაზე წავედი, დავიცავი ყველა რეკომენდაცია (დისტანცია, პირბადე, ხელთათმანი). წირვაზევე შეუძლოდ 
ვიგრძენი თავი და სახლში რომ დავბრუნდი, სიცხე მქონდა.... კიდევ ერთხელ გავუსვამ ამას ხაზს - კორონა, როგორც ყველამ ვიცით, 5 დან 14 დღემდე მჟღავდება და არა იმდღესვე, ამიტომ ტაძარში რომ მივედი, მე უკვე მქონდა, სამწუხაროდ, კორონა.... მონასტერში გამოცხადდა კარანტინი, ყველა ის ადამიანი თვითიზოლაციაში წავიდა, ვინც იმ დღეს იყო მონასტერში და ეზიარა!

​მადლობა ღმერთს, გავიდა 14, 21 დღეც და არცერთ ადამიანს არაფერი სჭირს! 
ამიტომ უფალს ნუ ადანაშაულებთ ინფექციის გავრცელებაში! იმ კოვზით ხომ მის სისხლს და ხორცს ვიღებთ და როგორ გგონიათ ამით დაგვაზიანებს ქრისტე?!“ - წერს ქეთი თოდუა.

წაიკითხეთ სრულად