Baby Bag

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის ფაქტს ეხმიანება. გთავაზობთ მის განცხადებას:

„2019 წლის 27 აგვისტოს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა პეკინის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შესახებ, რომელსაც გამვლელმა დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. მოგვიანებით, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

მომხდარის შეფასებისას, სოციალურ ქსელში არაერთი მოწოდება გავრცელდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებიდან გარიყვის და მათი იზოლაციის შესახებ. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არ ქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას. 

აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ არაერთი სისტემური პრობლემა რჩება, რაც აბრკოლებს არსებული რეგულაციების და სერვისების ეფექტურ განხორციელებას. საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირე ამ სფეროში ადამიანური რესურსის, ეფექტური სერვისების, რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის პრობლემებს იწვევს.

საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა პრობლემის დროული გამოვლენის სირთულესთან ერთად, საკითხზე არასწორი მსჯელობის შესაძლებლობებს აჩენს და ხელს უწყობს არსებული ტაბუს გაძლიერებას. ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება ოჯახების მხრიდან უგულებელყოფა და თანამდგომთა ქსელის არარსებობა.

სოციალური სერვისების სიმცირე ართულებს ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროების დროულ იდენტიფიცირებას და მხარდამჭერი სერვისების შეთავაზებას; ხელს უშლის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევის გამოვლენას და აღნიშნულ პირთა შესაბამის სერვისებში ჩართვას.

სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით, გამოწვევად რჩება თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისების ნაკლებობა, თავის მხრივ განაპირობებს მათზე მისაწვდომობის ნაკლებობას და შემთხვევათა გამწვავებას.

პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის უწყვეტობის საკითხიც. მაგალითისთვის, 2018 წელს ჰოსპიტალიზაციის შემდგომ პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო ამბულატორიულ/სათემო სერვისებში, რაც ასევე მიუთითებს ჰოსპიტალს გარეშე სერვისების გაძლიერების საჭიროებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს გაძლიერდეს ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით. მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევას,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. 

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ოჯახში ერთერთი მის ქალიშვილს არ ჰქონდა ვაქცინა გაკეთებილი, რადგან ამ ეტაპზე ორსულებში მხოლოდ ფაიზერით ვაქცინაციაა დაშვებული:

„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას,  რომელზეც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილებში გვაქვს ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად