Baby Bag

ბათუმში ცურვა აიკრძალა

ბათუმში ცურვა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო განცხადებას ავრცელებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

სულ დაფიქსირდა 45 შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მოახდინეს დროული რეაგირება.

ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა.

უამინდობის გამო, ამ დროისთვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4 ბალიანი შტორმი, აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ მოგახსენოთ ჩემი აზრი ვაქცინაციათან მიმართებაში''

,,ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ მოგახსენოთ ჩემი აზრი ვაქცინაციათან მიმართებაში''
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერებათა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი კოლეგებს მიმართავს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

,,ძვირფასო კოლეგებო,

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ მოგახსენოთ ჩემი აზრი ვაქცინაციათან მიმართებაში:

სრულიად ვეთანხმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მივესალმები, რეგისტრაციის გავლის გარეშე მასწავლებელთა აცრის გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა აცრას ჩაიტარებს, ვინაიდან მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის დამარცხების სხვა საშუალება. იმის გამო, რომ მცირეწლოვან ბავშვებში და მოზარდებში ვირუსის გავრცელებამ მასიური ხასიათი მიიღო, ჩვენი პროფესია დამატებით პასუხისმგებლობას გვაკისრებს ვირუსის შეჩერებისათვის გავიკეთოთ აცრა.

ვაქცინაციის ნებაყოფლობითობა არ გვათავისუფლებს მორალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისაგან, ჩვენი ოჯახის და ალბათ, რაც მთავარია, მომავალი თაობის წინაშე.

პირადად მე და ჩემი ოჯახის წევრები - შვილი და სიძე, ავიცერით. ასევე, აიცრა ჩემი 80 წლის დედა და ვფიქრობ, მორალური უფლება მაქვს მოგიწოდოთ ყველას, ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ თავს, აღსაზრდელებს და ოჯახის წევრებს.

მიმაჩნია, რომ პროფკავშირული აქტივი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პედაგოგებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა დასაქმებულისათვის.

მინდა სწორად ვიყო გაგებული: საფრთხე რეალურია! გამომდინარე აქედან, თავს უფლება მივეცი, თქვენთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა ვაქცინაციის მნიშვნელობა,'' - აღნიშნავს მაია კობახიძე. 

წაიკითხეთ სრულად