Baby Bag

„პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები...“ - სასტუმროს მეპატრონე ბუბა კუდავას პასუხობს

„პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები...“ - სასტუმროს მეპატრონე ბუბა კუდავას პასუხობს

ისტორიკოს ბუბა კუდავას ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში დასვენების დროს, როგორც თავად ისტორიკოსი ამბობს დაუჯერებელი ისტორია გადახდა.

ბუბა კუდავა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი ​გამოაქვეყნა. 

გთავაზობთ, ბუბა კუდავას პოსტის საპასუხო წერილი ყაზბეგის სასტუმროდან:

„მე ვარ ეთერ პაპიაშვილი, იმ სასტუმროს დიასახლისი, რომელზეც ბუბა კუდავა თავის პოსტში წერს. რადგან სიცრუეს წერს და ამის გამო უამრავ ადამიანს ჩემს წინააღმდეგ ამხედრებს და მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი ბიზნესის დასამარებას, უბრალო ადამიანის განადგურებას, გადავწყვიტე მოგიყვეთ რა როგორ იყო.

პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები? ჩემს სასტუმროში ბუბა კუდავასს ცოლ-შვილი კი არ შემოსულა პირველად, ხშირად ვმასპინძლობ ოჯახებს, მსგავსი შემთხვევა არავისთან მქონია, არც ის მგონია, ვინმემ აუგი თქვას ჩემზე, ვინც ჩემთან ისვენებდა. ბავშვები რომ შემოვიდნენ ჩემს სასტუმროში ხელში, მოვეფერე, ძალიან საყვარლები და მართლა ძალიან კარგი ბავშვები არიან, უბრალოდ, ხმაურობდნენ. უცხოელმა დამსვენებლებმა შენიშვნა მომცეს. ამის შემდეგ ვთხოვე ლიკას, ლიკა, გეხვეწები, იქნებ, როგორმე ბავშვები ცოტა მაინც დაამშვიდო, ტურისტები გამექცევიან მეთქი. ყველა დამსვენებელს ვცდილობ გავუფრთხილდე, ვთხოვე, იქნებ ოდნავ დაამშვიდო თქო, რაზეც გაღიზიანდა. ტურისტები რომ სამზარეულოში შევიდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით შევარდა სამზარეულოში და თავისი ნივთები მიაწყო გაღიზიანებულმა ისე, რომ მერე მე მკითხეს ტურისტებმა, ჩვენ ვაწყენინეთ რამე? რამე ხომ არ დავაშავეთო? ისევ წივილი, ისევ კივილი, ისევ ვთხოვე, იქნებ დაამშვიდო ბავშვები მეთქი და როგორ დავამშვიდო 3 წლის ბავშვებიო, მთავარი ის იყო რომ არ ცდილობდა, არ შეიწუხა თავი ყურადღება მიექცია ბავშვებისთვის. მეორე დილას დამიძახა, აქ დამრჩენი მე არა ვარ, მიშოვეთ სხვა ადგილი და გადავალო. ვუთხარი, ვისთან მიგიყვანო და რა ვუთხრა იმას, ჩემთან ხმაურობენ ძალიან, სხვებს აწუხებენ და შენ მიიღეო? ეს ვუთხრა მეთქი? იყავით აქ, უბრალოდ იმას გთხოვ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციე, თორემ ბავშვის ხმაური რა სალაპარაკოა. ამ დროს ამიტეხა წივილი, კივილი, შენ იცი საერთოდ ვინ ვარო? იცი რას წარმოვადგენო? ვთხოვე, ნუ ყვირი, დამსვენებლებთან უხერხულია, ნუ ყვირი მეთქი და არ მაინტერესებს შენი დამსვენებელიო. მის ყვირილზე მოვიდნენ მეზობლები, ახლა იმათ დაუწყო ლანძღვა, თქვენ ვინ გეკითხებათო. მეც გამოვედი წყობიდან, არაფრით გაჩერდა. გავარკვიე მერე რომ გერგეტშია ადგილი და იქ არ მინდა, არ მეკადრებაო მანდ ტყეში რა მინდაო. რომ აღარ მშვიდდებოდა, ჩემს მეზობელთან დავაბინავეთ. თანხაც არ გამომირთმევია. მისი მამა მერით მაშინებდა, ახლა მე შენ მერს მოგიყვანო, მითხრა. ცუდად ვარ, ბუბა კუდავას პოსტის მერე, ისეთები ხდება, არ ვიცი, ამას თუ გადავიტან. როგორ შეგიძლიათ მოექცეთ ასე ადამიანს.?

რადგან ბუბა კუდავას მეუღლე, ლიკა, მემუქრებოდა ნახავ რასაც გიზავო, ამიტომ დაწერეს ამ ფორმით და შინაარსით, საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ბავშვების თემა მგრძნობიარეა და შესაბამისი რეაქციაც მოყვა.

თუთა მარიამის მამა ცრუობ. გამიხარდებოდა სიმართლის გარკვევა რომ გეცადათ.“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები გადაეცემათ, რომლებშიც პერსონალური ნივთები იქნება მოთავსებული

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ნივთები ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური იქნება, რათა საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს. გვანცელაძის ინფორმაციით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ამასთან, კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

კახა გვანცელაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდის შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.

გვანცელაძის განცხადებით, სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

გვანცელაძის თქმით, რეგულაციების შესრულება სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად