სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. როგორც პატრიარქმა აღნიშა, უფლის მსგავსად ყველა ადამიანი უნდა ამაღლდეს.
„ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ამაღლებას, ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი თითქოს განშორდა მიწას და ხალხს, სინამდვილეში კი, იგი ჩვენთანაა. უფალი ამბობს: „სადაც ორი და სამი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ“. დიდება და მადლობა უფალს! ჩვენთან არს ღმერთი!
უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ.
მე მინდა გაგამხნეოთ და გითხრათ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში იქნება მთელს მსოფლიოში, - ეს მოვლენები, ეს გამოცხადებები, ეს გაჭირვება, განსაცდელი თუ სხვა რამ, ყველაფერი ჩვენთვისაა და უწყობს ხელს ჩვენს ამაღლებას.
დედამიწაზე ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ეს არის წუთის სოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება.
ხშირად ვიცით თქმა: „ღმერთს ებარებოდეთ!“ სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს უნდა ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ. ამისთვის კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჩვენი თავისთვის კი არ ვიცხოვროთ, არამედ სხვებისთვის. ადამიანი რომ იყოს ბედნიერი, უნდა იცხოვროს სხვისთვის, სხვა გაახაროს; აი ამას გისურვებთ თქვენ. გაიხარეთ ორსავ სოფელსა შინა!
აი, როცა ჩვენთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი ან ხე საჩუქრად, მე ვეუბნები მათ და თქვენც გასწავლით, რომ მცენარეს უთხრათ: გაიხარე და გაგვახარე!
ადამიანი მწუხარებისთვის კი არა სიხარულისთვის არის გაჩენილი. სიხარულისთვის არის მოვლენილი. ღმერთი არის სიყვარული. ასე რომ, არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ, არ დათრგუნოთ თქვენი გონება; იმედი არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, ღმერთი მუდამ თქვენთანაა და ჩვენთანაა, გაიხარეთ. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ! ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა პატრიარქმა ილია მეორემ.
წაიკითხეთ სრულად