Baby Bag

​ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა - გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის (GIA) გამოყენებით

​ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა - გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის (GIA) გამოყენებით

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტრუმენტის (GIA) გამოყენებით განხორციელდა საინტერესო კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის „ოჯახისა და თემის მონაწილეობის“ კომპონენტის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე ზეგავლენის შესწავლას. კვლევის პირველად სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ აღსაზრდელები, მაგრამ გამოვლინდა სტანდარტის მოცემული კომპონენტის განსხვავებული ზეგავლენა დედებსა და მამებზე, მშობლების სხვადასხვა კატეგორიაზე (დასაქმებული, მიგრანტი, სსმ და შშმ ბავშვების მშობლები), ასევე სკოლამდელი აღზრდისა და დაწესებულებების პერსონალზე, თემის სხვადასხვა ჯგუფზე, მათ შორის სერვის-პროვაიდერებზე.

განხორციელდა პროგრამის გენდერული ზეგავლენის შეფასება სხვადასხვა ფოკუსით: „ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციები ადრეული და სკოლამდელი განათლების პროგრამაში მშობლებისა და კანონიერი წარმომადგენლების ჩართვისთვის“; „მშობლების/ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობებში სკოლამდელი დაწესებულებების ფარგლებში და მის გარეთ“; „ოჯახის მხარდაჭერა ბავშვის მრავალმხრივი განვითარების საკითხში“; „თემთან თანამშრომლობის ასპექტები ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტის მიხედვით“.

კვლევის მიგნებებით, პროგრამა ბენეფიციარებს მთლიანობაში განიხილავს, როგორც გენდერულად ნეიტრალურ ჯგუფს. ის ნაკლებად ითვალისწინებს კონკრეტული ჯგუფების (მამები, დასაქმებული დედები, მიგრანტი მშობლები, შშმ - სსმ ბავშვების მშობლები, ეთნიკური უმცირესობები და სხვ.) მონაწილეობის წახალისების ზომებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამის ბენეფიციარებიარა მხოლოდ განსხვავებული ბიოლოგიური არსებები არიან, არამედ აქვთ სხვადასხვა გამოცდილება, საჭიროებები, სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისსფეროში გენდერულად სამართლიანი მიდგომების დასანერგად მნიშვნელოვანია შეიქმნას შესაბამისი შინაარსი.

პროგრამა წარმატებით ასრულებს თავის მთავარ ამოცანებს და ინდიკატორებს, თუმცა შესაძლებელია მისი კიდევ უფრო გაუმჯობესება და დახვეწა.მნიშვნელოვანია, მისი მიზნები გახდეს კიდევ უფრო მეტად სენსიტიური, უფრო მეტად გაითვალისწინოს კაცებისა და ქალების განსაკუთრებული საჭიროებები, ზოგადი დემოგრაფიული პროფილი, განსხვავებული გამოცდილება, მოლოდინები, საჭიროებები. ჩატარებული შეფასება ცხადყოფს, რომ პროგრამის პირდაპირი და არაპირდაპირი სამიზნე ჯგუფების გარკვეული კატეგორიები შედარებით უფრო მოწყვლადები არიან და ობიექტურ დაბრკოლებებს აწყდებიან, რის გამოც ნაკლებად ხდება მათი ჩართულობა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისში და, შესაბამისად, ეს მოცემულობა ნეგატიურად აისახება, პირველ რიგში, მათი ოჯახების აღსაზრდელებზე.

კვლევის მიგნებები უჩვენებს, რომ კომპონენტის წვლილი გენდერული თანასწორობის მიღწევაში გაიზრდება, თუინდიკატორებში მეტად იქნება გათვალისწინებული არსებული გენდერული სხვაობები, ბენეფიციარების დემოგრაფიული პროფილი; მოხდება მონაცემთა შეგროვება და ანალიზი (სტანდარტის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება) და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა გენდერული პერსპექტივის და განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებით.

კვლევის ლინკი https://www.fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15490-2025-02-10-22-19-59

R

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი...“

„მე აუცილებლად წავუკითხავ ჩემს პირველკლასელებს „დედაენას“, მაგრამ ამ სახელმძღვანელოთი ანბანს არ ვასწავლი.


რატომ? მოგახსენებთ:


კითხვის სწავლების დროს მთავარი ფოკუსი მიმართულია სიტყვის დეკოდირებისკენ. რაც გულისხმობს ცალკეული, შესწავლილი ასოების ჯერ გახსენებას, შემდეგ მარცვლად ქცევას, გამთლიანებას (სინთეზს) და ბოლოს, ამოკითხული ბგერებით სიტყვის გააზრებას, თუ რა წაიკითხა.
რთულია, არა?


რა თქმა უნდა. წარმოიდგინეთ, რამდენ ოპერაციას ასრულებს ერთი სიტყვის წაკითხვის (გაშიფვრის) დროს ბავშვის ტვინი. 


ამიტომ იძაბებიან ისინი, კითხვის დროს - აქნევენ ფეხებს, სხეულს ამოძრავებენ სხვადასხვა მიმართულებით, სუნთქვა უჩქარდებათ, ძალას ატანენ ნერწყვის ყლაპვას და ა. შ. თითქოს ამით ტვინს აიძულებენ ამ რთული პროცესის დაძლევაში დახმარებას.


ამას დამატებული ჩვენი მკაცრი ტონით ნათქვამი: 


„გააჩერე ფეხები!“ 

„წესიერად დაჯექი და ნუ ცქმუტავ!“

„არ მომწონს, თავიდან!“


ამ დროს ირთვება დაზეპირების მექანიზმი და ბავშვის გონება სწრაფად იმახსოვრებს წინადადების პირველი სიტყვის ლოგოგრაფიულ ხატს. 


წაიკითხავს პირველ სიტყვას ( მისთვის სიმბოლოს) და მაშინვე ჩაარაკრაკებს დანარჩენს. ჩვენ კი კმაყოფილნი იმით, რომ ბავშვმა სხაპასხუპით წაგვიკითხა გაკვეთილი, გვგონია, რომ საქმე გადასარევად გვაქვს და პრობლემას ვერ ვხედავთ.


ახლა წარმოიდგინეთ მოთხრობა, დატვირთული უცხო, ძირითადად აგრარული ლექსიკით, რომელიც ცალკე განმარტებას ითხოვს და ურთულებს პირველკლასელს ტექსტის გააზრებას. 


მეტყვით, რა, არ უნდა იცოდეს ბავშვმა რა არის გუთანი, ჯარა, გობი, თითისტარი?


ცხადია, ეს სიტყვები უნდა ვასწავლოთ, მაგრამ არა პირველკლასელებს, კითხვის სწავლებისას, არამედ მეორე, მესამე კლასში გავუმდიდროთ ლექსიკა ქართული ძარღვიანი სიტყვებითა და გამოთქმებით. ამ დროს, მერწმუნეთ, უფრო ეფექტურიცაა, რადგან 7-8 წლის ასაკის ბავშვი თვითონვე ხვდება კონტექსტში ბევრი სიტყვის მნიშვნელობას. ჩვენი ახსნით კიდევ უფრო გავუმყარებთ ცოდნას.


სიტყვებისა და ფრაზების განმარტება იქით იყოს და ტექსტის ავთენტურობაზეც მოგახსენებთ. ყველასთვის საყვარელ, ერთი შეხედვით, სახალისო „თხა და გიგოზე“ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.


1. „გამოვიდა გიგო სოფლის მოედანზე, ჩამოჯდა კუნძზე“...


თითქოს ყველა სიტყვა ნაცნობია ბავშვებისთვის. მაგრამ ტექსტის კითხვის დროს მასწავლებელმა აუცილებლად უნდა განუმარტოს მოსწავლებს „სოფლის მოედანი“, რომლის მნიშვნელობა თვით სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა აღარ იციან, მგონი. :)ქალაქელებისთვის კი მოედანი ხელოვნურსაფარიან სტადიონთან ასოცირდება. :)


ცხადია, უნდა განუმარტო და ესარის, რომ ამძიმებს ბავშვის აღქმას, რომლის გონებაც სულ სხვა მიმართულებით მუშაობს ამ დროს.


2. „ გამოექანა შორიდან თხა, დაეჯახა რქებით გიგოს...“


და ამ დროს შეწუხებული ბავშვები:


„მაას, სად შეარჭო რქები?“
„თვალში რომ მოხვედროდა?“


ვიცი, რაც გაიფიქრეთ. დიახ, ჩვენც წაგვიკითხეს თავის დროზე და მსგავსი ემოცია არ გამოუწვევია, გავიცინეთ კიდეც, არა? 


ჰოდა, იქნებ ამაზეც დავფიქრდეთ, ახლა რატომ არ ეცინებათ ბავშვებს ამაზე?


3. დაბოლოს, მინდა ფსიქოლოგებს დავუსვა კითხვა:


ნუთუ, გიგოს საქციელში ხედავთ ასაკისთვის შეუფერებელ ქმედებას? 6 წლის ბავშვმა სხვების დასანახად კითხვის იმიტაცია რომ გაითამაშოს, ეს არაბუნებრივია?


მაშ, რისი მომცემია ტექსტი, რომელმაც დაკარგა ის ფუნქცია, რისთვისაც დაიწერა თავის დროზე?


თქვენ ვერ მომიძებნით „დედაენაში“ ვერცერთ სიტყვას, გამოთქმას და მთლიან ტექსტს, რომელიც გოგებაშვილის დროინდელი ბავშვისთვის უცხო იყო. ყველა მოთხრობა, თავისი ლექსიკით პასუხობდა იმდროინდელ მოთხოვნებს და ითვალისწინებდა ბავშვის შესაძლებლობებს.


ზუსტად ამიტომ არის „დედაენა“ შედევრი.


და მე მას, როგორც ქართველი ერის უდიდეს კულტურულ მონაოვარს, აუცილებლად გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.“ 


აღნიშული პოსტი მასწავლებელმა ნინო მესხორაძე​მ სოციალურ ქსელში ​„დედაენის“ სკოლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. 

ფოტო: ჟურნალი „თბილისელები“

წაიკითხეთ სრულად