Baby Bag

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

,,ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო" - ირაკლი დალაქიშვილი

რა ძირითად შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილებთან ურთიერთობისას და რა შედეგებს იწვევს ისინი - ამის შესახებ ქოუჩი, ირაკლი დალაქიშვილი გადაცემაში ,,შუადღე" საუბრობს. 

,,​როგორც დიდი ადამიანი მუშაობს ერთზე მეტ სამსახურში, ისევეა ბავშვი, რომელიც რამდენიმე წრეზე ერთდროულად დადის და ასეთ დროს გვავიწყდება თამაშის დრო. უკვე ათი წელია, ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ რასაც ბავშვი თამაშით სწავლობს, ვერცერთ წრეზე ვერ ისწავლის. ამიტომ, ბავშვს უნდა ჰქონდეს თამაშისთვის გამოყოფილი დრო. ამას ემატება ის, რომ თბილისში აღარ გვაქვს ეზოები, პარკებშიც კი გვიჭირს ბავშვების გაყვანა. ამიტომ, რაღაცნაირად, უნდა ვეცადოთ, რომ მათ არ მოვაკლოთ თამაშის დრო.

ძალიან საყურადღებია ბავშვის შედარება სხვაზე - მე იმას არ ვამბობ, რომ შვილებს მოდელიდან მაგალითი არ უნდა მოვუყვანოთ, მაგრამ, მაგალითად, ასე უნდა ვუთხრათ - ათი ქულა უნდა მიიღო არა იმიტომ, რომ შენმა კლასელმა მიიღო, არამედ იმიტომ, რომ შენ შეგიძლია. შედარების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად, რადგან მერე ბავშვის მიზანი მუდამ ის არის, რომ ვიღაცას აჯობოს. 

შიში მშობლის მიმართ - ძალიან ხშირია მკაცრი მშობლის მიმართ შიში. რატომ არის ეს ცუდი - შვილს, რომელსაც შესაძლოა, რაიმე პრობლემა შეექმნას, მშობლამდე მისასვლელი გზა აქვს მოჭრილი, ასეთ შემთხვევაში. ბავშვს ეშინია, რომ მშობელი მას გაკიცხავს და როდესაც მას გადასაჭრელი საკითხი აქვს, მშობელთან კი აღარ მიდის, გავა ქუჩაში, თანატოლს ჰკითხავს და მიიღებს არასწორ რჩევას", - აღნიშნავს ირაკლი დალაქიშვილი.


წყარო: ,​,შუადღე"


შეიძლება დაინტერესდეთ

„მოავადე ბავშვის სახლში გამოკეტვა შეცდომაა,“ - ევგენი კომაროვსკი

„მოავადე ბავშვის სახლში გამოკეტვა შეცდომაა,“ - ევგენი კომაროვსკი

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მშობლებს მოავადე ბავშის სუფთა ჰაერზე გაყვანისკენ მოუწოდებს:

„ბავშვის სასეირნოდ გაყვანა არ შეიძლება ინფექციის მწვავე მიმდინარეობისას, როდესაც მას მაღალი სიცხე აქვს, ტკივილი და სისუსტე აწუხებს. ბავშვი გარეთ არ უნდა გაიყვანოთ, როდესაც მას მკაცრად განსაზღვრული წოლითი რეჟიმი აქვს, მაგ. დიფტერიის დროს. თუ ბავშვს გადამდები დაავადება აქვს, მაშინ ის უნდა მოარიდოთ ახლო კონტაქტს სხვა ბავშვებთან.​ სუფთა ჰაერი ბავშვის გამოჯანმრთელებას აჩქარებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს სასუნთქი გზების დაავადებასთან. ცხადია, ბავშვის გარეთ გაყვანამდე რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. თუ ბავშვს ფილტვების ანთება აქვს, ის მკურნალობის კურსს გადის, თავს უკეთ გრძნობს და ტემპერატურაც დასტაბილურდა, ამ შემთხვევაში სეირნობა სასარგებლოა, თუმცა თუ მეათე სართულზე ცხოვრობთ და ლიფტი არ მუშაობს, ბავშვის გარეთ გაყვანას არ გირჩევთ. ​ფეხით სიარულზე მეტად ბავშვს სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ესაჭიროება, რათა ოთახის მტვერს გარკვეული დროით მაინც აარიდოს თავი. თუ ბავშვს გარეთ ვერ გაიყვანთ, ის აივანზე მაინც უნდა გავიდეს, რათა ჰაერი ჩაისუნთქოს.“

ევგენი კომაროვსკის თქმით, სეირნობის დროს ბავშვი თუ ხველას დაიწყებს, მშობელს არ უნდა შეეშინდეს:

„სეირნობის დროს ბავშვი ხველას თუ დაიწყებს, ეს დადებით სიმპტომად უნდა ჩათვალოთ. ​ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა გათავისუფლდეს ზედმეტი პრობლემებისგან. გრილი ჰაერის ზემოქმედებით სასუნთქ გზებში დაგროვილი ლორწო თხელდება. ბავშვს შეუძლია, რომ ჭარბი ლორწო ამოახველოს და თავი უკეთ იგრძნოს. ხშირად მშობლებს მაშინვე სახლში მიჰყავთ ბავშვი, როგორც კი ის ქუჩაში ხველას დაიწყებს. სეირნობის შეწყვეტის შემთხვევაში ბავშვს სახლში სუნთქვა გაუჭირდება, რადგან დაგროვილი ლორწო შეაწუხებს. მშობლები ჩათვლიან, რომ მასზე გარეთ გასვლამ ცუდად იმოქმედა და პატარას კვლავ სახლში გამოკეტავენ, რაც შეცდომაა.“

ევგენი კომაროვსკი აღნიშნავს, რომ სუფთა ჰაერს სუნთქვის გაძნელებისას გადაუდებელი პირველადი დახმარების ფუნქცია აქვს:

„ბროქნიტის, კრუპის და სხვა მსგავსი დაავადებების მკურნალობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ფაქტორს სწორედ გრილი ჰაერი წარმოადგენს. ​ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა სამკურნალო მედიკამენტი. გრილი ჰაერი სუნთქვის გაძნელებისას დადებითად მოქმედებს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე. ის ექიმის მოსვლამდე გადაუდებელი პირველადი დახმარების ფუნქციას ასრულებს. თუ ბავშვს სუნთქვა უჭირს, აივანზე, ქუჩაში ან ეზოში გაყვანა მისთვის შვებისმომგვრელია.“

​ბუნებაში გასვლა იმითაც არის კარგი, რომ ადამიანის ადაპტაციური უნარების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ცივილიზაციის ნაყოფთან განშორება, საყვარელი საწოლის, აბაზანის და ტელევიზორის დატოვება, წყლის, სუფთა ჰაერის და ტყის სიახლოვეს ყოფნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სუფთა ჰაერზე სეირნობის საწინააღმდეგო არგუმენტები კრიტიკას ვერ უძლებს, ის მხოლოდ შიშს, სიზარმაცეს და მოუცლელობას ემყარება. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, მოდი, ბევრი ვისეირნოთ,“ - აცხადებს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად