Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რა თხოვნით მიმართავს განათლების სამინისტრო აბიტურიენტების მშობლებს

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - რა თხოვნით მიმართავს განათლების სამინისტრო აბიტურიენტების მშობლებს

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. საგამოცდო სექტორებში უკვე დამონტაჟებულია კამერები და ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსქრინინგის მოწყობილობითა და დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევის თქმით, საქართველოს საგამოცდო ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და სამინისტრო აპლიკანტებს გამოცდების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დასაწერად ყველა პირობას შეუქმნის. მინისტრის მოადგილე მოუწოდებს გამოცდის მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების წესებს, რომლებიც აპლიკანტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა.

უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ნუნუ მიცკევიჩი თხოვნით მიმართავს მშობლებს, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, არ დაელოდონ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრების წინ.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის გაიხსნება 24 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად იქნება აღჭურვილი.

გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობა:
აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი;
სტუდენტები - 3 600-ზე მეტი;
მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი;
მასწავლებლობის მსურველები - 12 000-მდე.

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
წაიკითხეთ სრულად