Baby Bag

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 სკოლაში ჭერი მეოთხედ ჩამოინგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის საკლასო ოთახში გაკვეთილის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს კლასში პირველკლასელები იმყოფებოდნენ.

სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჭერის ჩამონდგრევის შედეგად ბავშვები არ დაშავებულან.

„შემთხვევა პირველ სართულზე მოხდა. ბავშვები არ დაშავებულან, მიმდინარეობს შესწავლა. ამ ეტაპზე გამომწვევი მიზეზი უცნობია. ინფორმირებულია განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში ეს ჭერის ჩამონგრევის მეოთხე შემთხვევაა. სკოლის რეაბილიტაცია 2016 წელს დასრულდა, თუმცა სკოლის მასწავლებლის, ნანული ჟორჟოლიანის თქმით, პრობლემები შენობაში სწორედ სარემონტო სამუშაოების შემდეგ შეიქმნა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული 2000-ზე მეტი მოსწავლე საცდელ ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას

მე-5 და მე-7 კლასებში გადასული 2000-ზე მეტი მოსწავლე საცდელ ტესტირებაში მიიღებს მონაწილეობას
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12-16 ოქტომბერს მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებლად საცდელი ტესტირება ჩატარდება. მათივე ცნობით, ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი მთელი საქართველოს მასშტაბით 300-მდე სკოლამ გამოთქვა. მათგან ამ ეტაპზე პილოტირების პროცესში 100-მდე სკოლა ჩაერთვება - საცდელ ტესტირებაში მონაწილეობას 2000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს.

„პროექტი „შეფასება განვითარებისთვის“ მიზნად ისახავს მეოთხეკლასელთა და მეექვსეკლასელთა მიღწევების შეფასებას ქართულსა და მათემატიკაში. პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები მე-5 კლასის დასაწყისში შეფასდება, პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული წარმატებები კი - მე-7 კლასელების ტესტირების შედეგად.
დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი. საცდელი ტესტირების შედეგები ასევე გამოყენებული იქნება ელექტრონული პლატფორმისა და ტესტირების ფორმატის დასახვეწად იმ მიზნით, რომ ის მაქსიმალურად ასახავდეს სკოლის საჭიროებებს,“ - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება: მოსწავლეები ელექტრონულად შეასრულებენ ტესტურ დავალებებს, შეფასების შედეგებს კი ასევე ელექტრონულად მიიღებენ.
შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება, როგორც თითოეული მოსწავლის დონეზე, ასევე კლასის დონეზეც. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სახლიდან ან სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიებიდან ჩაერთონ შეფასების პროცესში.
პროექტზე „შეფასება განვითარებისათვის“ მუშაობა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია მეოთხე და მეექვსეკლასელი მოსწავლეების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს ელექტრონული პლატფორმის დახმარებით. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

2020 წლის დასაწყისში ჩატარდა ცალკეული დავალებების აპრობაცია, ახლა კი მიმდინარეობს პროექტის ელექტრონული პლატფორმის გამოცდა.
წაიკითხეთ სრულად