Baby Bag

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის პრეზენტაცია

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევის პრეზენტაცია

29 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი მონიტორინგის ანგარიშის - „ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებების ეფექტიანობის შეფასება და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (ჩოხატაური, ტყიბული, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა), ცენტრალური ხელისუფლების (ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო, განათლების სამინისტრო, საჯარო სამსახურის ბიურო), სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ მკვლევარმა - ნინო კორინთელმა ღონისძიების მონაწილეებს თავის პრეზენტაციაში კვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები გაუზიარა, - „ბავშვთა კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა განიხილებოდეს როგორც მხოლოდ ერთი სტრუქტურული ერთეულის ან პროფესიული ჯგუფის ვალდებულება. გადამწყვეტია, საკითხისადმი ჰოლისტური მიდგომა. ბავშვთა მხარდაჭერისა და დაცვის საკითხებში ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების როლი და მათი გაძლიერებული ჩართულობა. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია პრევენციული მექანიზმების გაძლიერება.“

ღონისძიებაზე ანგარიშის პრეზენტაციასთან ერთად, ზუგდიდისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების პრაქტიკოს სპიკერებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენელს მოუსმინეს.

„ჩვენი ორგანიზაცია მომხრეა, რომ აუცილებლად უნდა გაერთიანდეს მუნიციპალიტეტებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კოორდინირებული მუშაობა დაიწყონ მუნიციპალიტეტებთან. დღეს მუნიციპალიტეტებს აქვთ ეს ფუფუნება. მათ გვერდით ნამდვილად არიან გამოცდილი ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ მათთვის ამ დახმარება გაწევა. თუმცა, სამწუხაროდ, ორგანიზაციებში ეს კოორდინაცია არ არის და მე ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემაა. მაგალითად, ერთი ორგანიზაცია ცალკე აკეთებს შეფასებას ან საჭიროებათა კვლევას, მეორე ორგანიზაცია სხვა კვლევას და რეალურად, ერთმანეთის არაფერი ვიცით. ერთობლივი მუშაობისა და კოორდინირების გარეშე არაფერი გამოვა,“ - ეთერ ცხაკაია, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის წარმომადგენელი

„ჩვენი მუნიციპალიტეტი და ჩვენი განყოფილება წელს ჩართული იყო ბავშვზე და ბავშვიან ოჯახებზე მორგებულ საჭიროებათა კვლევაში, რომელიც განხორციელდა ჩვენი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (ადგილობრივი და საერთაშორისო) ერთობლივი ძალისხმევით. ეს იყო საკმაოდ დიდი მასშტაბის კვლევა და ჩვენთვის პირველი დიდი გამოცდილება, სადაც გავეცანით მისი ჩატარების სპეციფიკას. მის საფუძველზე გამოიკვეთა რამდენიმე მიგნება. სამწუხაროდ, ეს იყო ისევ სიღარიბე ოჯახებში, მშობლების ნაკლები ინფორმირებულობა და მშობლების ნაკლები უნარები, რომლის გაზრდა, პოზიტიური მშობლობის კუთხით, აუცილებელია. ამისთვის გვაქვს დაგეგმილი ბევრი სხვადასხვა აქტივობა 2023 წლისთვის. ერთია, მაგალითად, „მშობლის სკოლა“, - ია ეხვაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი.

„ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ნებისმიერ უწყებასთან, რომელიც ეხება ბავშვებს. მჭიდრო კავშირი გვაქვს სკოლებთან, მანდატურის ფსიქოლოგებთან, ბაღებთან (ბაღის გამგეებთან, აღმზრდელებთან, მათ ფსიქოლოგებთან და ლოგოპედებთან), ამბულატორიის ექიმებთან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვების ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, სოფლებში მერის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ეს ოჯახები, კარგად ჰყავთ შესწავლილი და რომლებთანაც ინფორმაციას აქტიურად ვცვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რაც ჩვენს პრაქტიკაში იკვეთება არის, მშობლებთან უწყეტი თანამშრომლობა, რათა მათ იგრძნონ ჩვენი გვერდში დგომა,“ - ლელა ფურცელაძე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი.

ქალთა ფონდი „სოხუმის“კვლევაში ასახულ ყველა მიგნებასა და რეკომენდაციას გაეცნობი შემდეგ ბმულზე - ​https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13002-2022-11-11-16-55-50​

R

საჯარო დისკუსია ქალთა ფონდ „სოხუმში“
„ყველა ფემიციდის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ორგანიზებით, საჯარო დისკუსია/კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 180-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის დასავლეთ საქართველოს 16...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გიორგი ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა, მე ვერ გამოგადგებით მის მხარდამჭერად''

,,გიორგი ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა, მე ვერ გამოგადგებით მის მხარდამჭერად''

ავ­სტრი­ა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ირმა კვიცარიძე ექიმ გიორგი ღორობერიძის ირგვლის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:


,,ფეისბუქზე ხშირად მომდის მოთხოვნა გავერთიანდე ამა თუ იმ ჯგუფში. ამჯერად რამოდენიმე ფესიბუქ მეგობარი დაჟინებით ითხოვს გავწევრიანდე გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერ ჯგუფში! ტელეარხ ,,იმედის'' ეთერში გასულმა გადაცემამ ორად გაყო საზოგადოება, ზოგი ტელევიზიას ლანძღავს, ზოგიც გიორგი ღოღობერიძის დაცვითაა დაკავებული!

მე კი ასე ვფიქრობ, კარგად დადგმული შოუ იყო! რეიტინგი ორივე მხარეს სჭირდება!

მას შემდეგ რაც ,,აკადემიკოსმა" ჰომეოპათმა იმედის ტელეეთერი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პლათფორმად აქცია (აბა რა გითხრათ სტუდიაში ისეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი იყო...) მეგონა, პროდიუსერი გადაცემას დახურავდა! ჯანდაცვის სამინისტრომ ამ გაგანია პანდემიის დროს არ შეიმჩნია!

ზოგადად, მედია საშუალებებით თუ სოციალური ქსელებით საჯაროდ მედიკამენტოზური მკურნალობის განხილვა არის დანაშაული! გაჟღერებული ინფორმაციით თუ ვინმე თვითმკურნალობას ჩაიტარებს, დამდგარ შედეგზე ვინ აგებს პასუხს?! და თუ ექიმს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული არა აქვს, მაშინ ის შორსაა მედიცინისგან! ამის გამო ღოღობერიძეს სწორად მისცეს შენიშვნა. (შენიშვნის ფორმულირება საკამათოა). ,,არ ავნო"-ს პრინციპი უდევს საფუძვლად მედიცინას! ისე ჩემს ბავშვობაში, ტელევიზიით (მაშინ სოციალური ქსელი არ იყო) კაშპიროვსკი ,,მკურნალობდა" ხალხს დისტანციურად! ნახევარი სსრკ წყლის ჭიქით ხელში გაშტერებული ელოდა ეკრანთან სასწაულის მოხდენას!

ასე რომ, მე ვერ გამოგადგებით გიორგი ღოღობერიძის მხარდამჭერად!'' - აღნიშნავს ირმა კვიცარიძე. 

წაიკითხეთ სრულად