Baby Bag

2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო შემოვა

2019 წლის სექტემბრიდან დაწყებით კლასებში ახალი სახელმძღვანელო შემოვა

სექტემბრიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეები პროგრამირების და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული წიგნით „გამარჯობა რუბი“ ​ისწავლიან. ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ​ავრცელებს.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს ფინელმა პროგრამისტმა და „გამარჯობა რუბი“ - წიგნების სერიის ავტორმა ლინდა ლიუკასმა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „გამარჯობა რუბი“ წიგნების სერიის ავტორი 33 წლის ფინელი პროგრამისტი ლინდა ლიუკასი, რომელიც ჟურნალმა „ფორბს“-მა 2018 წელს ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ, ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა, საქართველოში ჩამოიყვანა. დღეს ლინდა ლიუკასმა 60-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლების საგაკვეთილო სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოფი ჩაუტარა.

„გამარჯობა რუბის“ წიგნები „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ თარგმნილი და გამოცემულია 25 ენაზე, მათ შორის, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით, ნიუ იორკის სკოლებში კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწორედ ამ წიგნებით სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს.

ავტორის გადაწყვეტილებით, „გამარჯობა რუბი” წიგნების ქართულად გამოქვეყნებაზე ლიცენზია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. „გამარჯობა რუბი“ - არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად.

სექტემბრიდან კი მსოფლიოში აღიარებული წიგნით, განათლების სამინისტროს რეფორმის ფარგლებში, შერჩეული 3 საჯარო და ასევე, 2 კერძო სკოლის მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები პროგრამირების საფუძვლებს „გამარჯობა რუბი“ წიგნებით დაეუფლებიან.

„გამარჯობა რუბი“ წიგნით სწავლება ქალაქ საგარეჯოს მე-2, ქალაქ რუსთვის მე-4 და თბილისის 71-ე საჯარო სკოლებში კლუბებში, ხოლო „ბაქსვუდის საერთაშორისო“ და „XXI საუკუნის“ კერძო სკოლებში სასწავლო გეგმის ფარგლებში განხორციელდება.

ამასთან, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, 5 პროექტს განახორციელებს.

პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა.

აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა:

  • კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;
  • მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი; ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;
  • ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;
  • ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში შესაძლო მონაწილეობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი,“- ფონიატრი ირინა ქაცარავა

ფონიატრმა ირინა ქაცარავამ ბავშვებში ხმის პრობლემებისა და ცვლილებების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩურჩული პატარების ხმას ისევე აზიანებს, როგორც ყვირილი:

„ბავშვები ბაღსა და სკოლაში ხშირად ჩურჩულებენ და ამის მიზეზი ზოგჯერ პედაგოგიც ხდება ხოლმე. მასწავლებლები ბავშვებს ეუბნებიან: „იჩურჩულეთ.“ ეს არასწორია. საქართველოს პრაქტიკაშიც წამოვა, ალბათ, ნელ-ნელა ეს ტენდენცია. მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ეს დავამკვიდრო პედაგოგებში. პედაგოგების დატრენინგება უნდა მოხდეს, რომ ამ პრობლემის მაქსიმალური პრევენცია მოხერხდეს. ბაღიდან იწყება ეს პრობლემა.“

„ჩურჩულით საუბარი ისევე არ არის სასურველი, როგორც ყვირილი და ხმამაღლა საუბარი. ცუდია ხმის ფორსირებაც, როდესაც ბავშვი აჯავრებს ვიღაც ზღაპრის გმირს. როდესაც ეს მუდმივად ხდება, ძალიან ცუდად აისახება ხმაზე. კუნთები იძაბება და იჭიმება, ისევე როგორც ყვირილის დროს,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ქაცარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად