Baby Bag

„მიმდინარეობს სასამართლო დავა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტკბილეული გავლენას ახდენს ადამიანის დნმ-ზე და საკვებად უვარგისია,“- ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ პოპულარული საბავშო ტკბილეულის Skittles-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა:

„ინგლისელმა ბიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა პიტერ მედავარმა განაცხადა: „გენეტიკა გულისხმობს, ხოლო ეპიგენეტიკა - განაგებს." წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის გენი არის წარმოდგენილი თითოეულ ჩვენგანში. თითოეული მათგანი მუდმივ მუშა მდგომარეობაში არ არის. ეპიგენეტიკას შესწევს უნარი გააქტიუროს განსაზღვრული რაოდენობა გენების და დანარჩენი რაოდენობა დათრგუნოს. გარე ფაქტორები არის კვება, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა. სწორედ ამ ფაქტორებს შესწევს უნარი ნაწილი გენებისა გააქტიუროს, ხოლო განსაზღვრული გენები კი მოსვენებულ მდგომარეობაში ამყოფოს.

კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს ის, თუ რაზე ვსაუბრობთ და რა როლი აქვს ამაში კვებას, ეს მკაფიოდ შეიძლება ავხსნათ ფუტკრის ოჯახის მაგალითზე. წარმოიდგინეთ ფუტკრის ოჯახი, სადაც არის დედა ფუტკარი და მუშა ფუტკრები. მათ აქვთ აბსოლუტურად იდენტური გენეტიკური მასალა, თუმცა მუშა ფუტკრები უნაყოფოები არიან. ისინი მხოლოდ რამოდენიმე კვირას ცოცხლობენ. დედა ფუტკარი მუდმივად არის სკაში. იქიდან არ გამოდის, გამუდმებით დებს კვერცხებს, არის ნაყოფიერი. სხვაობა არის იმაში, რითი საზრდოობს დედა ფუტკარი და რითი მუშა ფუტკარი. მუშა ფუტკარი იკვებება ყვავილების მტვერით და ნექტარით, დედა ფუტკარი კი - მუშა ფუტკრების მიერ გამომუშავებული ე.წ. „სადედე რძით.“ დედა ფუტკრის რეპროდუქციული შესაძლებლობა განპირობებული არის იმით, თუ რას მიირთმევს ის.

ჩვენ მოვამზადეთ სიუჟეტი ერთ-ერთი ცნობილი ტკბილეულის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს სასამართლო დავა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტკბილეული გავლენას ახდენს ადამიანის დნმ-ზე და საკვებად უვარგისია,“- აღნიშნა ქეთი ასათიანმა.

საუბარი ეხება ბავშვებში პოპულარულ ტკბილეულს Skittles-ს, რომლის შესახებაც არსებობს ეჭვი, რომ ის საფრთხის შემცველია და დნმ-ის შეცვლის უნარი აქვს. გავლენიანი ამერიკული გამოცემის Today-ის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ტკბილეული დიდი რაოდენობით ტიტანის დიოქსიდს შეიცავს, რაც აღემატება ამერიკის სურსათის სააგენტოს მიერ დადგენილ ნორმას. ტიტანის დიოქსიდი გენოტოქსიკურად არის მიჩნეული. მისი ნაწილაკები ორგანიზმში გროვდება და შესაძლოა, უჯრედებში გენეტიკური მასალა დააზიანოს. მას, შესაძლოა, კიბოს გამომწვევი ეფექტიც ჰქონდეს და რეპროდუქციულ სისტემაზეც ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად