Baby Bag

„მიმდინარეობს სასამართლო დავა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტკბილეული გავლენას ახდენს ადამიანის დნმ-ზე და საკვებად უვარგისია,“- ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი

ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ პოპულარული საბავშო ტკბილეულის Skittles-ის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა:

„ინგლისელმა ბიოლოგმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა პიტერ მედავარმა განაცხადა: „გენეტიკა გულისხმობს, ხოლო ეპიგენეტიკა - განაგებს." წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის გენი არის წარმოდგენილი თითოეულ ჩვენგანში. თითოეული მათგანი მუდმივ მუშა მდგომარეობაში არ არის. ეპიგენეტიკას შესწევს უნარი გააქტიუროს განსაზღვრული რაოდენობა გენების და დანარჩენი რაოდენობა დათრგუნოს. გარე ფაქტორები არის კვება, სტრესი, ფიზიკური დატვირთვა. სწორედ ამ ფაქტორებს შესწევს უნარი ნაწილი გენებისა გააქტიუროს, ხოლო განსაზღვრული გენები კი მოსვენებულ მდგომარეობაში ამყოფოს.

კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს ის, თუ რაზე ვსაუბრობთ და რა როლი აქვს ამაში კვებას, ეს მკაფიოდ შეიძლება ავხსნათ ფუტკრის ოჯახის მაგალითზე. წარმოიდგინეთ ფუტკრის ოჯახი, სადაც არის დედა ფუტკარი და მუშა ფუტკრები. მათ აქვთ აბსოლუტურად იდენტური გენეტიკური მასალა, თუმცა მუშა ფუტკრები უნაყოფოები არიან. ისინი მხოლოდ რამოდენიმე კვირას ცოცხლობენ. დედა ფუტკარი მუდმივად არის სკაში. იქიდან არ გამოდის, გამუდმებით დებს კვერცხებს, არის ნაყოფიერი. სხვაობა არის იმაში, რითი საზრდოობს დედა ფუტკარი და რითი მუშა ფუტკარი. მუშა ფუტკარი იკვებება ყვავილების მტვერით და ნექტარით, დედა ფუტკარი კი - მუშა ფუტკრების მიერ გამომუშავებული ე.წ. „სადედე რძით.“ დედა ფუტკრის რეპროდუქციული შესაძლებლობა განპირობებული არის იმით, თუ რას მიირთმევს ის.

ჩვენ მოვამზადეთ სიუჟეტი ერთ-ერთი ცნობილი ტკბილეულის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს სასამართლო დავა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტკბილეული გავლენას ახდენს ადამიანის დნმ-ზე და საკვებად უვარგისია,“- აღნიშნა ქეთი ასათიანმა.

საუბარი ეხება ბავშვებში პოპულარულ ტკბილეულს Skittles-ს, რომლის შესახებაც არსებობს ეჭვი, რომ ის საფრთხის შემცველია და დნმ-ის შეცვლის უნარი აქვს. გავლენიანი ამერიკული გამოცემის Today-ის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ტკბილეული დიდი რაოდენობით ტიტანის დიოქსიდს შეიცავს, რაც აღემატება ამერიკის სურსათის სააგენტოს მიერ დადგენილ ნორმას. ტიტანის დიოქსიდი გენოტოქსიკურად არის მიჩნეული. მისი ნაწილაკები ორგანიზმში გროვდება და შესაძლოა, უჯრედებში გენეტიკური მასალა დააზიანოს. მას, შესაძლოა, კიბოს გამომწვევი ეფექტიც ჰქონდეს და რეპროდუქციულ სისტემაზეც ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​აუცილებლად წასაკითხი! - მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ''

,,​აუცილებლად წასაკითხი! - მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ''

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ წერს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,​აუცილებლად წასაკითხი!

მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ.

ბოლო დროს, არცთუ იშვიათია ასეთი ფაქტი- აცრიდან 4-5 დღის შემდეგ იწყება დაავადება. გუშინაც მომმართა მეგობრის მეუღლემ, რომ განსაკუთრებით იცავდა თავს, აიცრა და 4დღეში დაეწყო სიცხე, რომელიც ჩათვალა აცრის გართულებად, თუმცა შემდგომში მოუმატა და სავარაუდოდ, დაეწყო კოვიდ19. ასეთ დროს, დაავადების დაწყებას უკავშირებენ აცრას. ჯერ ერთი, აცრის გვერდითი მოვლენა, ტემპერატურის მომატება იცის მხოლოდ პირველივე დღეს და მაქსიმუმ 2 დღეს გაგრძელდეს და ახლა მთავარი მიზეზი რატომ იწყება დაავადება აცრის შემდეგ; ვაქცინაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გამოყოფილი იქნა დიდი ფართები, ბევრი ვაქცინაციის კაბინეტებით. სამწუხაროდ, ასეთი ფართების კონტროლს სამედიცინო პერსონალი სრულად ვერ ახერხებს. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით! ფართის მაკონტროლებლები კი არა, უშუალოდ ამცრელი ექთნები, ექიმები და მეთვალყურეებიც ჭირს, მიუხედავად ნორმალური ანაზღაურებისა. 

ამიტომ, ასეთი აცრის ადგილები გადაიქცა ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილებად და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ვირუსის გადადების მაღალ რისკს შეიცავს. თუმცა შეიძლება გაფრთხილებაც:

1. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აიცრათ დაურეგისტრირებლად, შეეცადეთ დარეგისტრირდეთ და თქვენ დროზე მხოლოდ 10 წუთით ადრე მიხვიდეთ ასაცრელ ადგილას.

2. არ მოგერიდოთ მოქალაქეობრივი პოზიციის გამოჩენის! დაიცავით რეგულაციის 2 უმთავრესი პრინციპი და სხვასაც მოუწოდეთ მისი დაცვა- სწორად გაკეთებული პირბადე და დისტანცია. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ გავწვდებით მთლიან კონტროლს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამას.

3. მაქსიმალურად შეამცირეთ საუბრები აცრების დალოდებისას სხვასთან (რეგულაციის მოწოდებას არ ეხება). ყველაზე დიდი რაოდენობით და ალბათობით, ჩვენი ნერწყვის წვეთები სწორედ საუბრისას გადაეცემა სხვას, ვირუსთან ერთად. ეს იმდენად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მეგობრებთან ურთიერთობის მომეტებულად მოყვარული (განსაკუთრებით სუფრის საშუალებით!) კაციც, რომ წარმოვიდგენ რა ირიგაცია ხდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას- ურთიერთობის სურვილიც მეკარგება. თანაც, რაც უფრო მგზნებარე და გრძელია სადღეგრძელო, მით მეტი რისკის ქვეშაა თანამეინახეები..

4. შეეცადეთ, ვაქცინაციისთვის პირველ რიგში დარეგისტრირდეთ კლინიკებში და სხვა შეზღუდულ ფართებში.
კიდევ ვიმეორებ: ვაქცინაციას არა აქვს ალტერნატივა და შინაგანი დაცვის მთავარი იარაღია, მაგრამ ამ შეიარაღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! იყავით ჯანმრთელი!'' - აღნიშნავს ექიმი. 


წაიკითხეთ სრულად