Baby Bag

„წამოსულია სიმპტომატიკა: წონასწორობის რღვევა, მდგრადობის დარღვევა,“- ლევან რატიანი კოვიდის ახალი ქვეშტამის სიმპტომებზე საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდის ახალი ქვეშტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა:

„ბოლო პერიოდში რაც ვნახეთ, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში, ძირითადად ისინი შემოსულები იყვნენ მდგრადობისა და წონასწორობის დარღვევით. ტესტირების შედეგად მათ 80%-ს დაუდასტურდა კოვიდი. წინა პერიოდში თუ კოვიდი მიდიოდა კლინიკური სიმპტომატიკით: ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკის მაგალითზე გვინდა გითხრათ, რომ წამოსულია სიმპტომატიკა: წონასწორობის რღვევა, მდგრადობის დარღვევა და ამის შემდეგ მანიფესტირდება რესპირატორული გამოვლინებები და ინტოქსიკაციები.

ბოლო პერიოდში პაციენტები შემოდიან ჰექტიური ცხელებით. ეს არის 38-ზე მაღალი, 39-მდე ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევებს. ეს გრძელდება 3-4 დღე. დეზინტოქსიკაციის შემთხვევაში პაციენტებს აღნიშნული ჩივილები მალევე ულაგდებათ. სასიკეთოდ მინდა გითხრათ, რომ ჰოსპიტალიზაციის დღეების რიცხვი ბოლო პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული. მანამდე თუ იყო, რომ 8-9-10 დღე სჭირდებოდა დაავადების ლიკვიდაციას, ეს ახლა ნამდვილად არ არის ასე. მესამე-მეოთხე დღეს პაციენტები უკვე მიდიან სახლში. თუ ადამიანს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები, მათ შესაძლებელია უფრო გახანგრძლივებულად დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია. საბედნიეროდ, ჯანმრთელ ადამიანებში, როგორც კი იწყება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, რამოდენიმე დღეში ისინი სრულიად გამოჯანმრთელებულები არიან,“- მოცემულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის სწორი, რომ მუტაციის შემდეგ კორონავირუსი გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

„არ არის სწორი, რომ მუტაციის შემდეგ კორონავირუსი გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი,“ - პედიატრი ივანე ჩხაიძე

​​პედიატრი ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით საზოგადოებაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალი შტამი ნამდვილად არის ძველთან შედარებით მეტად გადამდები, თუმცა რამდენად გაზრდის ის ლეტალობის მაჩვენებელს, ამის შესახებ მედიკოსებს ინფორმაცია ჯერ არ აქვთ:

„ჯერჯერობით არის მოლოდინი იმისა, რომ ახალი შტამი ნამდვილად არის უფრო მეტად გადამდები, მაგრამ უფრო მეტად გადამდებლობა შეიძლება თუ არა გამოიხატოს შემდეგ მეტ ლეტალობის მაჩვენებელში, უფრო მეტ ჰოსპიტალიზაციაში, ამ ინფორმაციას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ გვაწვდის.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ბავშვებისთვის ახალი შტამი მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი არ არის:

„ასევე ინფორმაცია ​ბავშვებთან დაკავშირებით, ის კვლევები, რომლებიც ჩატარებულია და მონაცემები, რომლებიც დღეისთვის არსებობს, არ მიუთითებს, რომ კორონავირუსის ეს მუტაცია გახდა ბავშვებზე უფრო მეტად ორიენტირებული და საშიში ბავშვებისთვის. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ 40-70% -ით მეტად არის გადამდებლობა, ახალი შტამი ასევე გამოიწვევს ​ბავშვებში შემთხვევების მატებას, ეს ნამდვილად ასეა, ლოგიკურია. ის, რომ კორონავირუსმა მუტაციის შემდეგ შეიცვალა ხასიათი და გახდა ბავშვებისთვის უფრო მეტად აგრესიული ან მძიმე დაავადების გამომწვევი, ეს არ არის სწორი.“

„არავინ არ ამბობს, რომ ​კორონავირუსის ახალი შტამი გახდება უფრო მეტად მძიმე დაავადების გამომწვევი. არ არის ეს ინფორმაცია სწორი. იმის გამო, რომ ახალი შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში, ავტომატურად ჩავთვალოთ, რომ ამას მოჰყვება მძიმე შემთხვევების მატება, დაგვჭირდება საწოლების და სუნთქვის აპარატების დამატება, ეს არის სრული დეზინფორმაცია,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

წყარო: ​„მედიაცენტრი მთავარი“

წაიკითხეთ სრულად