Baby Bag

„წამოსულია სიმპტომატიკა: წონასწორობის რღვევა, მდგრადობის დარღვევა,“- ლევან რატიანი კოვიდის ახალი ქვეშტამის სიმპტომებზე საუბრობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა კოვიდის ახალი ქვეშტამისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ ისაუბრა:

„ბოლო პერიოდში რაც ვნახეთ, განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში, ძირითადად ისინი შემოსულები იყვნენ მდგრადობისა და წონასწორობის დარღვევით. ტესტირების შედეგად მათ 80%-ს დაუდასტურდა კოვიდი. წინა პერიოდში თუ კოვიდი მიდიოდა კლინიკური სიმპტომატიკით: ცხელება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ამ ეტაპზე ჩვენი კლინიკის მაგალითზე გვინდა გითხრათ, რომ წამოსულია სიმპტომატიკა: წონასწორობის რღვევა, მდგრადობის დარღვევა და ამის შემდეგ მანიფესტირდება რესპირატორული გამოვლინებები და ინტოქსიკაციები.

ბოლო პერიოდში პაციენტები შემოდიან ჰექტიური ცხელებით. ეს არის 38-ზე მაღალი, 39-მდე ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევებს. ეს გრძელდება 3-4 დღე. დეზინტოქსიკაციის შემთხვევაში პაციენტებს აღნიშნული ჩივილები მალევე ულაგდებათ. სასიკეთოდ მინდა გითხრათ, რომ ჰოსპიტალიზაციის დღეების რიცხვი ბოლო პერიოდში მკვეთრად არის შემცირებული. მანამდე თუ იყო, რომ 8-9-10 დღე სჭირდებოდა დაავადების ლიკვიდაციას, ეს ახლა ნამდვილად არ არის ასე. მესამე-მეოთხე დღეს პაციენტები უკვე მიდიან სახლში. თუ ადამიანს აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები, მათ შესაძლებელია უფრო გახანგრძლივებულად დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია. საბედნიეროდ, ჯანმრთელ ადამიანებში, როგორც კი იწყება კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა, რამოდენიმე დღეში ისინი სრულიად გამოჯანმრთელებულები არიან,“- მოცემულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხუთი ბავშვიდან, რომელსაც ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზს ვუსვამთ, ერთში მიზეზი ტყვიის მომატებული მაჩვენებელია,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ხუთი ბავშვიდან, რომელსაც  ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის დიაგნოზს ვუსვამთ, ერთში მიზეზი ტყვიის მომატებული მაჩვენებელია,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დონის მატების სიმპტომებზე ისაუბრა:

„ტყვიის ყველაზე ზემოქმედება არის მისი გონებრივი განვითარების შეფერხება. ეს ყველაზე მეტად თვალშისაცემია და დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე. კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ტყვიასთან იყოს დაკავშირებული, არის შეკრულობა. თუ შეკრულობას მკურნალობთ დიდი ხნის განმავლობაში და შედეგი არ გაქვთ, აუცილებლად საჭიროა დაფიქრდეთ, ხომ არ არის სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა. ასევე რეზისტენტული ანემიები, როდესაც ჰემოგლობინის დონე დაქვეითებულია და მკურნალობა უშედეგოა, შესაძლოა, იყოს ტყვიის მომატების ნიშანი.“

ივანე ჩხაიძის თქმით, ტყვიის მაჩვენებლის მატება ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია:

​უხშირესი არის გონებრივი განვითარების შეფერხება, ქცევის ცვლილება, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი. ითვლება, რომ ხუთი ბავშვიდან, რომელსაც ამ სინდრომის დიაგნოზს ვუსვამთ, ერთში მიზეზი სწორედ ტყვიის მომატებული მაჩვენებელია.“

„აუცილებლად ორი რამ უნდა გაკეთდეს. საჭიროა კვალიფიციური ექიმის დეტალური შეფასება და ტყვიის დონის განსაზღვრა. ამის შემდგომი გადაწყვეტილება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დონით არის მომატებული ტყვიის დონის მაჩვენებელი,’- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „ფორტუნა“

წაიკითხეთ სრულად