Baby Bag

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

„ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს,“- ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ მაიმუნის ყვავილის გავრცელების ტემპებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პანდემია მოსალოდნელი არ არის:

„არსებული მონაცემებით ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ მაიმუნის ყვავილმა გამოიწვიოს ისეთი პანდემია, როგორიც იყო კორონავირუსის დროს. ამას რამოდენიმე ახსნა აქვს: მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი ვირუსი, არსებობს საკმაოდ ეფექტიანი ვაქცინები, რომელიც ამ ჯგუფის ვირუსების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არსებობს სამკურნალო საშუალებებიც. მაიმუნის ყვავილს არ აქვს ის უნარი, რომელიც ჰქონდა კორონავირუსს, რომ ადვილად გავრცელდეს და მოკლე ვადაში მოხდეს დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირება.

არაენდემურ კერებში, თუ არ ვცდები, მაქსიმუმ 2000-მდე შემთხვევა გვაქვს ერთი თვის განმავლობაში. პირველ რიგში, გავრცელების გზებში ყველაზე მნიშვნელოვანია მჭიდრო და ახლო კონტაქტი ინფიცირებულთან. თუ დაინფიცირებული ადამიანის გამონაყარს შევეხებით და შემდეგ ეს ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე, არის რისკები, რომ დავინფიცირდეთ. მაიმუნის ყვავილი გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით და მჭიდრო, ახლო კონტაქტით. ასევე შეიძლება დავინფიცირდეთ დაავადებული ცხოველისგან, თუმცა ძირითადად მაინც ჭარბობს ადამიანიდან ადამიანზე გადადება,“- მოცემულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ სოციალური დისტანციის დასაცავად სპეციალური ფეხსაცმელი შექმნა

რუმინელმა მეწაღემ უჩვეულოდ დიდი ზომის ტყავის ფეხსაცმელი შეკერა. მისი თქმით, ადამიანები სოციალურ დისტანციას ნაკლებად იცავენ, რაც მას სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. მეწაღე თვლის, რომ მის მიერ შექმნილი 75 ზომა ფეხსაცმელი მოქალაქეებს დისტანციის დაცვაში ძალიან დაეხმარება. გრეგორ ლაპი 39 წელია მეწაღედ მუშაობს. მის მაღაზიაში ძირითადად სასცენო ფეხსაცმელი იყიდება, რომელიც მოცეკვავეებისა და მსახიობთა დასების შეკვეთით მზადდება. მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდა, გრეგორის ბიზნესმა სერიოზული დარტყმა მიიღო.

რუმინელი მეწაღე ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვანია. „ქუჩაში წესებს არავინ იცავს, ამის შემჩნევა ძალიან მარტივია. ერთ დღეს მაღაზიაში გავედი, რომ ჩემი ბაღისთვის მცენარეების თესლები შემეძინა. იქ ბევრი ხალხი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ყველა ერთმანეთის ახლოს იდგა. ადამიანები ჩემს შეკერილ ფეხსაცმელს რომ ატარებდნენ, დისტანციის დაცვა გაუმარტივდებოდათ,“ - აცხადებს გრეგორი.

მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი ევროპული სტანდარტით 75 ზომაა, მისი ღირებულება კი 115 $-ია. გრეგორის თქმით, მან უკვე 5 შეკვეთა მიიღო.

სოციალურ ქსელებში ახალი სტილის ფეხსაცმელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთ მომხარებელს გრეგორის იდეა ძალიან მოეწონა, ზოგი კი ფეხსაცმლის დანახვამ ძალიან გაამხიარულა. „აბსურდული და ბრწყინვალე“ - ასე დაახასიათეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გრეგორის მიერ შექმნილი ტრენდული ფეხსაცმელები.

მომზადებულია Independent.co.uk-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად