Baby Bag

რამ გამოიწვია ბავშვებში ვირუსების ბუმი და რომელი ვირუსებია გავრცელებული ყველაზე მეტად? - პედიატრი მაია ჩხაიძე

რამ გამოიწვია ბავშვებში ვირუსების ბუმი და რომელი ვირუსებია გავრცელებული ყველაზე მეტად? - პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ბავშვებში სეზონური ვირუსების აფეთქების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა რომელი ვირუსებია ბავშვებში გავრცელებული:

„გაზაფხული ზოგადად ითვლება ალერგიის სეზონად. სეზონური ვირუსები ამ დროს უფრო ნაკლებად არის. ზაფხულის სეზონის დაწყებისას უკვე გვხვდება ვირუსები, რომლებიც მიდის დიარეით, ღებინებით, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დიდი გავრცელების შედეგად, ომიკრონის შემთხვევების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ასპარეზზე გამოჩნდა სხვა ვირუსები. მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელდა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ბრონქიოლიტი, რომელიც უფრო ხშირად რესპირატორულ სინციტიალური ვირუსით არის განპირობებული. ამჟამად მისი სეზონურობა გახანგრძლივდა. ის უფრო მარტისა და აპრილის თვეში არის ხოლმე და შემოდგომაზე. იმ პერიოდში, როდესაც ომიკრონი ბობოქრობდა, მან სხვა ყველა ვირუსი გადაფარა. ძალიან ხშირი იყო ბავშვებში შემთხვევები, როდესაც მათ ორი ვირუსი ერთად ჰქონდათ.

ამჟამად გავრცელებულია ისევ რესპირატორული ვირუსები, რომლებიც მიმდინარეობს ჩვეულებრივად ზედა სასუნთქი გზების კლინიკური ნიშნებით. ეს არის რინორეა, ხველა და რაც მთავარია, მაღალი ცხელება, რომელიც შეუპოვარი ხდება ხოლმე და ამის გამო აკითხავენ მშობლები კლინიკებს ძირითადად. სიცხე ცუდად ემორჩილება დამწევს.

როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში კორონავირუსული ინფექცია არ იყო მარტივი ინფექცია, როგორც ზოგს ეგონა. ეს არ არის სახადი ინფექცია რასაც ჰქვია წითელა, წითურა და ა.შ. მან ყველა ადამიანს დაუტოვა პოსტკოვიდურ პერიოდში გარკვეული ჩივილები. ბავშვებში ეს ჩივილები არის დაქვეითებული იმუნიტეტი. როგორც კი გაიხსნა საბავშვო ბაღები, თუკი ერთი ბავშვი მაინც მივა ბაღში, რომელსაც რესპირატორული ვირუსული ინფექცია და ცხელება აქვს, ის გამოყოფს ამ ვირუსს, რასაკვირველია და გადაცემა ხდება მარტივად,“- მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

პრემენსტრუალური სინდრომი ეს ის მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ქალის ქცევაზე უშუალოდ მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე

პრემენსტრუალური სინდრომი ეს ის მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ქალის ქცევაზე უშუალოდ მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. პმს ანუ პრემენსტრუალური სინდრომი - დღეს მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

პრემენსტრუალური სინდრომი ეს ის მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებს ქალის ემოციურ მდგომარეობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ქალის ქცევაზე უშუალოდ მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე.

სიმპტომები იწყება ციკლის დაწყებამდე 5-10 დღით ადრე და როგორც წესი სრულდება ციკლის დაწყებისას. გამომწვევი მიზეზი უცნობია თუმცა თვლიან, რომ გამომწვევი მიზეზია სასქესო ჰორმონებისა და სეროტონინის დონის ცვლილება.

ესტროგენისა და პროგესტერონის დონის მატებამ შესაძლოა გამოიწვიოს გუნება განწყობის ცვლილება, მოუსვენრობა და გაღიზიანებადობა. სეროტონინის დონე განსაზღვრავს ხასიათს, ემოციებსა და აზრებს.

რა სიმპტომები ახასიათებს პრემენსტრუალური სინდრომს ? ( პმს-ს)


28-დღიანი ციკლის დროს პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები შესაძლოა, დაიწყოს ოვულაციის დღიდან შემდეგი მენსტრუალური ციკლის დაწყებამდე. 

სიმპტომები ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხასიათისაა:
  • მუცლის შებერილობა
  • ყრუ ხასიათის ტკვილი მუცლის ქვედა არეში
  • სარძევე ჯირკვლების ტკივილი
  • გამონაყარი სახეზე
  • მომატებული მადა
  • მოთხოვნილება ტკბილზე
  • ყაბზობა
  • ფაღარათი
  • თავის ტკივილი
  • მგრძნობელობა სინათლის მიმართ
  • დაღლილობა
  • გაღიზიანებადობა
  • შფოთვა
  • მოუსვენრობა
  • დეპრესია
  • ძილის დარღვევა
როდის უნდა მივამრთოთ ექიმს?
მიმართეთ ექიმს მაშინ, როდესაც ზემოთ აღნიშნული სიმპტომიდან გაქვთ რამდენიმე სიმპტომი ერთად, რომლებიც ხელს უშლიან თქვენს ყოველდღიურ ცხოვერბას.
ასევე ექიმმა უნდა მოახდინოს დიფერენციალური დიაგნოსტიკა ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა:
  • ანემია
  • ენდომეტრიოზი
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია
  • რევმატოიდული დაავადებები
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ქრონიკული დაღლილობა
როგორ ვუმკურნალოთ პმს-ს?
პმს-ის მკურნალობა არ ხდება, თუმცა შეგვიძლია ჩავატაროთ ღონისძებები, რომ შევამსუბუქოთ სიმპტომები.
თუ გაქვთ მსუბუქი ან საშუალო ხარისხის პმს, საჭიროა:
  • მიიღოთ ბევრი წყალი
  • მუცლის შებერილობის მოსახსნელად დააბალანსოთ კვება
  • მიირთვით ბევრი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული
  • შეამცირეთ მარილის, შაქრის, კოფეინისა და ალკოჰოლის რაოდენობა
  • ხასიათის ცვალებადობის შესამცირებლად მიიღეთ ფოლიუის მჟავა, B- ვიტამინი, კალციუმი და მაგნიუმი.
  • იძინეთ მინიმუმ 8 სთ- ღამის განმავლობაში რომ შეამციროთ დაღლილობა
  • ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილგამაყუჩებელი საჭიროების დროს
მძიმე ხარისხის პმს-ი გვხვდება ძალიან იშვიათად და ასოცირებულია ფსიქიკურ დარღვევებთან. სიმპტომებია:
  • დეპრესია
  • აზრები სუიციდის თაობაზე
  • პანიკური შეტევები
  • შფოთვა
  • გაბრაზება
  • ტირილი
  • გულგრილობა გარშემომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
  • უძილობა
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
მძიმე ხარისხის პმს-ის დროს შესაძლოა ექიმმა ჩაგიტაროთ დამატებითი კვლევები და ასევე ფსიქიატრის კონსულტაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს შესაბამისი ანტიდეპრესანტის და დამატებითი მედიკამენტის დანიშვნა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად