Baby Bag

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა

ბოლო თვეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში 10 წლამდე ასაკის ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. 2022 წლის იანვრიდან ავადობის 74 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 49 ინგლისში, 13 შოტლანდიაში, 12 კი უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში აღრიცხეს.

ბავშვებში მძიმე, მწვავე ჰეპატიტის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ში, ესპანეთსა და ირლანდიაში.

ბავშვებში მძიმე ჰეპატიტის შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მძიმე შემთხვევების მკვეთრი მატება დიდ ბრიტანეთში. წამყვანი თეორიის მიხედვით, შესაძლოა, გამომწვევი მიზეზი რომელიმე ვირუსული ინფექცია, მათ შორის, კოვიდ-19-ის ვირუსიც იყოს.

ჰეპატიტი ღვიძლის ანთების აღმნიშვნელი სამედიცინო ტერმინია. ანთება ზოგადი იმუნური პასუხია დაზიანებაზე ან ინფექციაზე. ბავშვებში ჰეპატიტის სიმპტომები შემდეგია: მუქი ფერის შარდი, მონაცრისფრო შეფერილობის განავალი, კანის სიყვითლე და მაღალი ტემპერატურა.

სათანადო სამედიცინო დახმარების შემთხვევაში ჰეპატიტი განკურნებადია, თუმცა იშვიათ შემთხვევაში პაციენტებს, შესაძლოა, ღვიძლის გადანერგვა დასჭირდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვებიდან ექვსს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.

ბავშვებში ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მათ შორის ყველაზე ხშირი გამომწვევია: A, B, C, D და E ჰეპატიტის ვირუსები. იშვიათ შემთხვევებში ბავშვებში ჰეპატიტის გამოწვევა ადენოვირუსსაც შეუძლია.

დიდ ბრიტანეთში მოავადე ბავშვების შემთხვევაში უჩვეულო ის არის, რომ ჰეპატიტის გამომწვევი მათთან ჰეპატიტის არცერთი ვირუსი არ ყოფილა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები შემთხვევების უჩვეულო მატების მიზეზებს აქტიურად იკვლევენ.

ბავშვებში ჰეპატიტის შემთხვევების მატება, შესაძლოა ადენოვირუსით ინფიცირებას გამოეწვია, თუმცა მსგავსი შემთხვევები, როგორც წესი, ძალიან იშვიათია. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის გამომწვევი, შესაძლოა, კორონავირუსი ყოფილიყო, თუმცა მსგავსი შემთხვევებიც იშვიათობას წარმოადგენს და უმეტესად მძიმედ მოავადე ასაკოვან ადამიანებშია გამოვლენილი. დიდ ბრიტანეთში მძიმე ჰეპატიტით მოავადე ბავშვებს შორის კოვიდი რამოდენიმემ გადაიტანა და არა ყველამ. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამორიცხავენ ჰეპატიტის შემთხვევების უეცარ ზრდასა და ვაქცინაციას შორის კავშირსაც, რადგან არცერთ ბავშვს, რომელსაც ჰეპატიტი დაუდგინეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული არ ჰქონდა.

წყარო: ​theconversation.com

შეიძლება დაინტერესდეთ

რა იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს?

რა იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს?

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - მეან-გინეკოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. მეან-გინეკოლოგი და ქირურგი ეკა ბუკია გარეთა სასქესო ორგანოების ქავილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. 

რა იწვევს გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს?
ვულვის ქავილი იწვევს გარეგანი სასქესო ორგანოების დაზიანებას. ქავილი შესაძლოა, დღის ნებისმიერ მონკვეთში დაიწყოს, თუმცა მეტად შესამჩნევია ღამის საათებში.
ვუვლვის ქავილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. უნდა გავარკვიოთ გამომწვევი მიზეზი.
1. ერთ-ერთი ხშირი გამომწვევი მიზეზია სოკოვანი დაავადება - კანდიდოზი.
ქალების 20%-ში კანდიდოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგ შემთხვევაში კანდიდას ტიპის სოკო მრავლდება და იწვევს სოკოვან ინფექციას.
კანდიდას ტიპის სოკოვანი ინფექციები შესაძლოა, იწვევდეს შემდეგ ჩივილებს:

  • საშოსა და ვულვის ქავილი
  • ტკივილის შეგრძნება საშოში
  • ტკივილი სექსუალური აქტის დროს
  • ტკივილი შარდვისას
  • გამონადენი საშოდან

​2. ბაქტერიული ვაგინიტი
- ის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე კანდიდოზი. რის გამოც უფრო გავრცელებულია ვაგინალურ ინფექციებს შორის 15-45 წლის ასაკის ქალებში. ინფექცია იწყება მაშინ, როდესაც საშოში ჭარბი რაოდენობით არის გარკვეული ტიპის ბაქტერიები, უფრო ხშირია სქესობრივად აქტიურ ქალბატონებში. ბაქტერიული ვაგინიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მისთვის დამახასიათებელია შემდეგი ჩვილები:

  • თხიერი თეთრი ან ნაცრისფერი გამონადენი საშოდან
  • ვაგინალური ტკივილი
  • ქავილი საშოში ან გარეთა სასქესო ორგანოების არეში
  • ე.წ. თევზის სუნი
  • წვა შარდვისას

​3. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები - იწვევენ სხვადასხვა ჩივილს ვულვის ქავილის ჩათვლით.
ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძირითადად ქავილს იწვევენ ტრიხამონიაზი და ბოქვენის ტილი. შესაძლოა, იყოს შემდეგი ჩივილები:

  • ვულვისა და საშოს ქავილი
  • არასასიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან
  • წვა გენიტალიების არეში
  • სიწითლე გენიტალიების არეში

​ბოქვენის ტილები იწვევენ ვულვის ქავილს, უპირატესად ღამით. მათი დანახვა თავადაც შეგიძლიათ. ამის არსებობის შემთხვევაში აუცილებელი ტილების მოშორება ტანსაცმლიდან, თეთრეულიდან. ასევე აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

​4. გაღიზიანება ან ალერგიული რეაქციები

​ზოგჯერ ვულვის ქავილს იწვევს გარე გამღიზიანებელი ან ალერგიული რეაქცია. სხვადასხვა ქიმიურ საშუალებას შეუძლია დააზიანოს ვულვის ზედაპირი, რაც შემდეგში გამოიწვევს მის ქავილს.
გამღიზიანებლებსა და ალერგენებში შედის:

  • საპონი
  • ქაფიანი აბაზანა
  • დასაბანი საშუალებები
  • ტანსაცმლის გარკვეული ტიპები
  • საშოს გამოსარეცხი საშუალებები
  • სპერმიციდები
  • ლუბრიკანტები
  • ტალკი
  • მედიკამენტები
  • საბავშვო სველი ხელსახოცები
  • პრეზერვატივი
  • საფენები (ყოველდღიური)
  • საცვლები

​თუ ახალი ჰიგიენური საშუალების გამოყენებისას დაგეწყოთ ვულვის ქავილი, უმჯობესია, რამდენიმე დღით შეწყვიტოთ მისი გამოყენება და დააკვირდეთ, გაუმჯობესდება თუ არა თქვენი მდგომარეობა!

​5. წითელი ბრტყელი ლიქენი
- მას შეუძლია სხეულის სხვადასხვა ადგილის დაზიანება: კანის, თმების, ფრჩხილების და ლორწოვანი გარსების.

​როდესაც დაავადება ვითარდება საშოში, საშოს ლორწოვანზე ჩნდება თეთრი ლაქები და წყლულები, რომლებიც შესაძლოა, იყოს მტკივნეული. თუ პროცესი ვითარდება ვულვაზე, იწვევს ქავილს და ვულვაზე ჩნდება ბრტყელი მუწუკები.

​ზემოთ აღნიშული ჩივილებიდან გამომდინარე უნდა მიმართოთ გინეკოლოგს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას, დაგათვალიერებთ სარკეებში, აგიღებთ საშოს ნაცხს და გადაწყვეტს თქვენი მკურნალობის ტაქტიკას.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად