Baby Bag

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

2 წლის უკრაინელი გოგო, რომელსაც დედამ ზურგზე ვინაობა დააწერა, დედასთან ერთად საფრანგეთში უსაფრთხოდ იმყოფება

საშა მაკოვიმ ორი წლის ვირას ზურგზე სახელი, გვარი და ტელეფონის ნომრები დააწერა იმ იმედით, რომ კიევიდან გაქცევის დროს ოჯახის განცალკევების ან უფროსების მოკვლის შემთხვევაში მპოვნელები ბავშვის ვინაობას ამ გზით შეიტყობდნენ. ამჟამად ვირა და საშა საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან, სადაც მათზე ზრუნავენ.

ვირას ფოტო, რომელშიც მის ზურგზე გაკეთებული წარწერაა გამოსახული, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებოდა.

„ომის პირველი დღე იყო და ყველაფერს ვამზადებდით, რათა კიევი დაგვეტოვებინა. არ ვიცოდი, ეს რამდენად უსაფრთხო იყო,“- აღნიშნა დედამ BBC Radio 4-თან ინტერვიუში.

საშა იხსენებს, რომ ის ბარგს დაბომბვის ხმის ფონზე ალაგებდა და არ იცოდა, სახლიდან გამოსულს რა ბედი ელოდა.

„ყველაზე მეტად ის მაშინებდა, რომ შეიძლებოდა ვირა დაკარგულიყო, ჩვენ კი დავხოცილიყავით. მეშინოდა, რომ ის ვეღარასდროს გაიგებდა თავის ვინაობას და არ ეცოდინებოდა, ვისი შვილია,“- აღნიშნა პატარა გოგონას დედამ.

საშა იმედოვნებდა, რომ მისი მოკვლის შემთხვევაში, ვირას საკუთარი მშობლების ვინაობის დადგენის შესაძლებლობა მაინც ექნებოდა, თუ მას ზურგზე სახელს, გვარს და ახლობლების ტელეფონის ნომრებს დააწერდა.

საფრანგეთში უსაფრთხო გარემოში აღმოჩენის შემდეგ, საშა აღნიშნავს, რომ ის ფსიქოლოგიურად გატეხილია. მისი თქმით, ქუჩაში სიარულისას ქვები ხშირად ნაღმები ჰგონია. პატარა გოგონას დედა შვილის მცირე ასაკის გამო ბედნიერია, რადგან ეს ბავშვს მომხდარის გაანალიზების და სრულფასოვნად გაცნობიერების შესაძლებლობას არ აძლევს.

წყარო: ​bbc.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სულ მხვდება ხოლმე ყურში: „ეს საშინელი ზღაპრები, ხოცვა-ჟლეტა, როგორ შეიძლება?!“ სულ არ ვფიქრობ ასე,“ - თამარ გაგოშიძე

„სულ მხვდება ხოლმე ყურში: „ეს საშინელი ზღაპრები, ხოცვა-ჟლეტა, როგორ შეიძლება?!“ სულ არ ვფიქრობ ასე,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვის განვითარებისთვის ზღაპრების კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ზღაპრები, რომელთა სიუჟეტი საშიშად გვეჩვენება, ბავშვს არ უნდა წავუკითხოთ:

„ბოლო დროს სულ მხვდება ხოლმე ყურში: „ეს საშინელი ზღაპრები, ხოცვა-ჟლეტა, როგორ შეიძლება?!“ სულ არ ვფიქრობ ასე. ფსიქოანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზღაპარი კათარზისის საშუალებაა. პროპი, ძალიან ცნობილი ზღაპროლოგი, საერთოდ ფიქრობდა, რომ ზღაპრის საშუალებით შემოდის ჩვენში ცხოვრებისეული რეალობები, ​ბავშვი ადაპტირდება და რეალობებს ნელ-ნელა ეჩვევა. ზღაპარი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ცხოვრებაში წარმოსახვის განვითარებისთვის, მეტყველების განვითარებისთვის, ემოციური განვითარებისთვის, თამაშიც ხომ ასეა.“

თამარ გაგოშიძის თქმით, პატარა ბავშვების ემოციური რეგულაციისთვის ზღაპრის კითხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს:

„ეს ოცი წუთი ან ნახევარი საათი ერთობლივი კითხვა​ პატარა ბავშვების შემთხვევაში არის განუზომელი წვლილი ბავშვის ემოციურ რეგულაციაში. მეტი შეგიძლიათ არაფერი არ გააკეთოთ. ასე ერთად იკითხოთ, ოღონდ მობილურის გარეშე, აქეთ-იქით სირბილის და ოჯახის სხვა წევრებთან საუბრის გარეშე. ეს არის უებარი საშუალება მომავალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ცუდი ზღაპრებიც კი ბავშვებს ამბივალენტურობის განცდას უჩენენ, რის გამოც მათი წაკითხვა პატარებისთვის სასარგებლოა:

„ცუდი ზღაპრებიც კი, რომ ვიღაცამ რაღაც შეჭამა, ვიღაცამ ვიღაცა მოკლა, გაიხსენეთ ბავშვობა, მათი კითხვისას ამბივალენტურობის განცდა. ​ეს არის აუცილებელი ეტაპი ემოციური რეგულაციისთვის. ეს ამბივალენტურობა, თან რომ მოკვდა ვიღაც, თან რომ ეცოდება და აღარ ეშინია ან ეშინია, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელი ემოციური განვითარებისთვის. რომ ეჭვიანობ შენს მშობლებზე, რომ შენი და ან ძმა უფრო უყვართ და ამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან სირცხვილია, გეშტალთ თერაპევტები ამას აკეთებენ ზუსტად, რომ ეს გამოაქვთ გარეთ და მისაღები გზით ნელ-ნელა ეხმარებიან ადამიანს, რომ ეს გამოხატოს. ზღაპარი ამას ჰგავს ძალიან, რომ გეხმარება დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.“

„მე ვთვლი, რომ ზღაპარი ორ საქმეს აკეთებს: თან ემოციების განვითარებაში ეხმარება ბავშვს და თან მშობელთან კარგი კომუნიკაციის დამყარებაში. ჩვენს პერიოდში, როდესაც ​მოუცლელი მშობლები არიან, დანაშაულის განცდა რომ აქვთ ამ საწყალ მშობლებს, დრო არ აქვთ, რომ ბავშვს დაუთმონ, ეს დრო არის სრულიად საკმარისი პატარა ბავშვის შემთხვევაში, რომ ნახევარი საათი ერთად იკითხონ და გაიარონ ეს ემოციები ერთად,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად