Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში...“

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში...“

ისტორიკოს ბუბა კუდავას ცოლ-შვილს სტეფანწმინდაში დასვენების დროს, როგორც თავად ისტორიკოსი ამბობს დაუჯერებელი ისტორია გადახდა.  

ბუბა კუდავა აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ​Moms.ge პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დაუჯერებელი ისტორია შეემთხვა ჩემს ცოლ-შვილს დღეს სტეფანწმინდაში.

საოჯახო სასტუმროს – Ia's GuestHouse Kazbegi (კოსტავას ქ. 53) მეპატრონემ, ქალბატონმა ეთერ პაპიაშვილმა, სასტუმროდან გამოყარა ჩემი მეუღლე, ძიძა და 3 წლის ტყუპი გოგონა.

მიზეზი არ გაინტერესებთ?

ბავშვები ხმაურობენო (!).

ახლა მალე უცხოელებს ველოდები და ამ ხმაურის გამო ბუქინგზე უარყოფით შეფასებას დამიწერენო (!).

როცა მეუღლემ მეპატრონეს აუხსნა, რომ ასე არ მოსულა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაგიერი სასტუმრო მაინც შემოეთავაზებინა, პასუხად ასეთი ფრაზები მიიღო:

„ჩემი სახლია და წადით ჩემი სახლიდან“, „მოუსვით აქედან“, „თქვენ თვითონ შეარჩიეთ სხვა სასტუმრო“...

ქალბატონო ეთერ,
დარწმუნებული ვარ, ვერ ხვდებით რა გააკეთეთ.

ვერც იმას ხვდებით, რომ 3 წლის ბავშვების კისკისისა და ჟივილ-ხივილის გამო არცერთი უცხოელი უარყოფით შეფასებას არ წერს.

ვერც იმას, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში მთავარი რამ ადამიანისა და საქმის სიყვარულია.

რაც არ უნდა გიხსნათ, ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენ 3 წლის ორი გოგონა გამოაგდეთ სასტუმროდან.

მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შანსი, რომ რამე გაიგოთ:

1. როცა თქვენი სასტუმროს რეპუტაციაზე სათანადოდ ვიზრუნებ (გპირდებით!).

2. როცა ბავშვთა უფლებების ფეხქვეშ გათელვისთვის სათანადო პასუხს აგებთ (გპირდებით!).

ჩემო ძვირფასებო, უამრავო ნაცნობ-უცნობებო,
არასოდეს მითხოვია ჩემი პოსტების გაზიარება.

ახლა გთხოვთ.
(გაზიარებისას გთხოვთ ტექსტიც დააკოპიროთ)

ყველას გთხოვთ, ვისაც ჩემნაირად გსურთ, რომ ღირსეულ ქვეყანაში ვიცხოვროთ.

პატივისცემით,
ბუბა კუდავა,
#თუთამარიამი-ს მამა
18 ივლისი, 2019.

. . . . . . . . . . .

P. S.
ამასობაში ფბ-გვერდი გაუუქმებიათ.
კარგია! ანუ გეგმა მუშაობს. ანუ ბიზნეს-რეპუტაციის შელახვა ხშირად მშვენიერი გამოსავალია,“ - აღნიშნავს ბუბა კუდავა.

ბუბა კუდავას სოციალურ ქსელში სასტუმროს მეპატრონე ეთერ პაპიაშვილი პასუხობს. სასტუმროს დიასახლისის საპასუხო წერილი იხილეთ ბმულზე -„პედაგოგი ქალი ვარ, როგორ შეიძლება მძულდეს ბავშვები...“ - სასტუმროს მეპატრონე ბუბა კუდავას პასუხობს

წაიკითხეთ სრულად