Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვი რომ გავაჩინე, მთხოვა, ფოტო გადაუღე და გამომიგზავნე, დამარწმუნე, რომ ნამდვილად ბიჭიაო,“ - ხატია სიჭინავა მეოთხე შვილის დაბადების ამბავს იხსენებს

რამაზ ნოზაძე თოქ-შოუ „პროფილში“ მეოთხე შვილის დაბადების ისტორიას იხსენებს:

„მოვიდა გმირი და თქვა, რომ ორსულად ვარო, ვუთხარი, გავაჩინოთ-მეთქი. წავიდა, მოვიდა გმირი და ბიჭი მყავსო, ასე თქვა. ვერ დავიჯერე, რომ სამი გოგოს მერე ბიჭი იქნებოდა. შესამოწმებლად რომ მიდიოდა, არ მივყვებოდი. ბოლოს კარანტინის დროს გავყევი, რომ შევხედე, მაშინვე დავრწმუნდი, რომ ბიჭი იყო. ამაში დავრწმუნდი და ძალიან მესიამოვნა კიდეც.“

ხატია სიჭინავას თქმით, მეუღლეს ბავშვის სქესში ეჭვი ბოლო წუთამდე ეპარებოდა:

„ბავშვი რომ გავაჩინე, მთხოვა, ფოტო გადაუღე და გამომიგზავნე, დამარწმუნე, რომ ნამდვილად ბიჭიაო. ბოლო წუთამდე ეჭვი ეპარებოდა.“

„ახლაც კი ვერ შემიგნია, ამდენი ხნის მერე, რომ ბიჭის მამა ვარ. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა სხვანაირი შეგრძნებები მაქვს ბიჭის გამო. ამდენი გოგოს მერე როგორ უნდა მიყვარდეს, ცოტა სხვანაირად გავიგე ეს ყველაფერი. ალბათ, დროთა განმავლობაში ეს გრძნობა კიდევ უფრო გამიძლიერდება,“ - აღნიშნავს რამაზ ნოზაძე.

ხატია სიჭინავას თქმით, მასაც ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ მისი მეოთხე შვილი მამრობითი სქესისაა:

„მე საერთოდ საოცრება მჭირს, ბავშვი ხელში რომ მიჭირავს, სულ გოგოთი მივმართავ. იმდენად მიჩვეული ვარ, რომ სულ გოგო მეჭირა ხელში. სანამ პამპერსის გამოცვლას არ დავუწყებ, სულ მგონია, რომ გოგო მიჭირავს.“

„თვალები ნელ-ნელა უღიავდება, მამიკოს თვალები უნდა ჰქონდეს. დილით რომ გულზე დავიწვენ, სულ სხვა განცდები მოდის, ესეც მეღირსა. ღმერთმა მომცა იმის საშუალება, რომ შემეგრძნო ბიჭის სიყვარული როგორია. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ყველაფერი, რასაც კაცი ინატრებდა. ვისაც გოგოები ჰყავს და ბიჭიც უნდა, ვეტყვი, რომ არ მოდუნდნენ. ყველა მეუბნებოდა, მარტო გოგოები გყავსო, აჰა, ხომ არის ბიჭი. ახლა რაღაც იტყვიან?!“ - აცხადებს რამაზ ნოზაძე.

ხატია სიჭინავა აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მის ოჯახს საფრთხე არ შექმნია:

„ჩემთვის ძალიან ძნელი იყო, ორსულობის ბოლო ორი თვე კარანტინს დაემთხვა, თუმცა ყველაფერმა ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა. რაც მთავარია, თბილისში არ გავჩერდით, ამოვედით აგარაკზე, სადაც არც კორონავირუსი იგრძნობა და მესამე მსოფლიო ომი რომ დაიწყოს, იმასაც ვერ გავიგებთ. სიმწვანე, ბუნება, სიმშვიდე და მარტო ჩვენ, ოჯახი, აქ ასე ვართ.“

„სახელად მიქაელის დარქმევა გვინდოდა, მაგრამ გიორგობას დაიბადა. ამიტომ ორი სახელი დავარქვით, გიორგი-მიქაელი ნოზაძე, ძალიან კარგი სახელი გამოვიდა.“ - აღნიშნავს რამაზ ნოზაძე.

წაიკითხეთ სრულად