Baby Bag

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

კომპანია „ფერერომ“ ბავშვების სალმონელათი დაავადების შესაძლო რისკის გამო „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები დიდ ბრიტანეთში გაყიდვიდან ამოიღო

იტალიურმა საკონდიტრო კომპანია „ფერერომ“ აღდგომამდე ორი კვირით ადრე დიდი ბრიტანეთის მაღაზიების დახლებიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შოკოლადის კვერცხები გაიტანა, მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ სალმონელას ათეულობით შემთხვევა, შესაძლოა, „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხის მირთმევით ყოფილიყო გამოწვეული.

საკონდიტრო კომპანიამ მაღაზიებიდან გაიტანა ცნობილი შოკოლადის კვერცხები, რომელშიც პატარა სათამაშოებია მოთავსებული. „ქინდერ სიურპრიზის“ კვერცხები ბავშვებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენ ნებაყოფლობით ამოვიღეთ გაყიდვიდან „ქინდერ სიურპრიზის“ შერჩეული პარტიები. ეს პრევენციული ნაბიჯია, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სალმონელას დაფიქსირებულ შემთხვევებს, შესაძლოა კავშირი ჰქონდეს „ქინდერ სიურპრიზის“ პროდუქტთან,“- აღნიშნულია „ფერეროს“ განცხადებაში.

„ფერეროს“ წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროდუქცია ბელგიაში იყო დამზადებული და „ქინდერ სიურპრიზის“ გარკვეული პარტიები, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მაღაზიების დახლებიდანაც გაიტანონ.

დიდ ბრიტანეთში პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული დაავადების სულ მცირე 63 შემთხვევა აღრიცხეს. მათი უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია.

წყარო: ​Reuters.com 

შეიძლება დაინტერესდეთ

„პირბადემ, შესაძლოა, კანზე გამონაყარის გაჩენა გამოიწვიოს ან უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოს,“ - დერმატო-ვენეროლოგი ნინო კახიშვილი

დერმატო-ვენეროლოგი ნინო კახიშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ პირბადის ტარებით გამოწვეული კანის პრობლემების შესახებ საუბრობს:

„პირბადემ, შესაძლოა, კანზე გამონაყარის გაჩენა გამოიწვიოს ან უკვე არსებული პრობლემა გაამწვავოს. ორივე შემთხვევა დასაშვებია. იმ ადამიანებს, რომლებსაც სისხლძაღვოვანი ქსელის ზედაპირული განლაგება აქვთ, სახე უწითლდებათ შხაპის მერე, მზეზე ყოფნისას, რომლებიც მიდრეკილები არიან ისეთი დაავადებებისკენ, როგორიც არის როზაცეა, რა თქმა უნდა როდესაც პირბადე უკეთიათ, პრობლემა უმწვავდებათ. ტემპერატურა ნიღბის შიგნით მატულობს, რაც სისხლძარღვების კიდევ უფრო გაფართოების რისკ-ფაქტორია. სახის ზონა მეტად ოფლიანდება, რადგან ვენტილაცია ნაკლებია. ეს არ არის კარგი. მომატებული ოფლიანობისგან იცვლება კანის საფარი და იქმნება პირობები გარკვეული ტიპის მიკროფლორის გასააქტიურებლად, რომლებიც ჩვენ მუდმივად გვაქვს კანზე. ადამიანის კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 2000-დან 8000-მდე მიკროორგანიზმი ბინადრობს, გააჩნია კანის რომელ ნაწილს ავიღებთ. კანის საფარი, ხარისხიანი ლიპიდური მანტია ამ მიკროორგანიზმებს აბალანსებს. თუ ბალანსი ირღვევა, რისი მიზეზიც არის ოფლიანობა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს მიკროფლორა გააქტიურდეს.“

„კანის დაცვისთვის ძალიან კარგია თერმული წყლების გამოყენება. მას ძალიან კარგი გამაგრილებელი ეფექტი აქვს და მისი მოხმარება განუსაზღვრელად შეგვიძლია. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ სახის კანი ჩაუხურდა, თერმული წყალი უნდა შეისხას. თერმული წყლის შეძენა საკმაოდ ძვირი ჯდება. ვისაც არ აქვს საშუალება, შეუძლია ჩვეულებრივი გაზგასული მინერალური წყალი გამოიყენოს, მასში ბამბა დაასველოს და სახეზე მიიდოს. ადამიანებს შეუძლიათ მწვანე ჩაის ნახარში დაიმზადონ, მასაც ექნება გამაგრილებელი ეფექტი, ძალიან კარგია პიტნის და გვირილის ნაყენიც. სასურველია, ადამიანებმა სახის კანის დასაცავად სხვადასხვა ბალახებისგან დამზადებული სპრეები შეისხან. ძალიან კარგია, თუ ბალახებისგან ყინულებს დაამზადებენ და სახეს ნახევარი წუთის მანძილზე დაიმუშავებენ,“ - აღნიშნავს ნინო კახიშვილი.

წაიკითხეთ სრულად