Baby Bag

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„პირველ რიგში, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს. ბავშვი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი. ის, რაც დღეს დილის მონაცემებია, შედარებით შემცირებულია ჭრილობებიდან გამონაჟონის რაოდენობა, რაც პოზიტიურია. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით გაუარესება არ გვაქვს. სტაბილური მდგომარეობაა გარკვეული გაუმჯობესებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დილით შედგა მორიგი კონსილიუმი. დაისახა დღევანდელი გეგმა. ახლა ძირითადი აქცენტი კეთდება კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, ინფექციის კონტროლზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მოვახერხებთ ამ სტაბილური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ჯერჯერობით რისკები რჩება ძალიან მაღალი.“

„2021 წლის განმავლობაში იაშვილში უბედური შემთხვევის გამო 408 მომართვა იყო. მათ შორის ნახევარზე მეტი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების ფაქტიც. სტატისტიკა არ არის შემცირებისკენ, პირიქით, მატება აღინიშნება. ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა კიდურის ამპუტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ავარიამდე იყო. შემდგომში ძირითადი პრობლემები იქნება სწორედ ამ დაზიანებასთან დაკავშირებული. ჯერ საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. დღევანდელი მდგომარეობა და დადებითი დინამიკა ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

საკვების კომბინაციები, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული

საკვების კომბინაციები, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა განიხილავს საკვების კომბინაციებს, რომელთა ერთად გამოყენება არ არის რეკომენდებული. 

1. ბანანი და რძე - საკვები კომბინაცია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ტოქსინის გამომუშავებას, იგი ადუნებს ორგანიზმს. ალბათ შეგიმჩნევიათ რამდენად იმატებს ძილიანობა ბანანის სმუზის მიღების შემდეგ. ეს კომბინაცია იწვევს სხეულში ნახველისა და ლორწოს მომატებულ დონეს, ამიტომ უმჯობესია, თავიდან აიცილონ განსაკუთრებით სხვადასხვა ინფექციით ინფიცირებულმა ან უბრალოდ გაციებულმა ბავშვებმა. ბანანი და რძის კომბინაცია ასევე რისკის ფაქტორია ასთმით დაავადებული ბავშვებისთვის.

2. ჩაი და რძე - ჩაის უმეტესობაში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ანთების შემცირებას. მაგრამ თუ დავუმატებთ რძეს, რძეში შემავალი ცილები უკავშირდება ჩაის ანტიოქსიდანტებს და ხელს უშლის მათ ათვისებას. შესაბამისად, აღნიშნული კომბინაცია არ არის რეკომენდებული.

​3. ალკოჰოლი და ენერგეტიკული სასმელები - ერთ-ერთი ყველაზე ცუდი კომბინაცია ორგანიზმისთვის. ასეთ დროს იზრდება გულის შეტევის, არტერიული ჰიპერტენზიის და არითმიის (გულის წუთმოცულობის დარღვევა) რისკი.

​4. პური და ჯემი - სწრაფად ათვისებადი ნახშირწყლების ნაზავი, რომლებიც შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ერთ-ერთი წამყვანი კომბინაციაა წონის მატებაში.

​5. ხილი და ბოსტნეული - ორივე არის პროდუქტთა განსხვავებული ჯგუფი და მათი მონელება წარმოებს განსხვავებულად. ხილი მონელდება პირველი, რაც უკვე ხელს შეუშლის შემდგომ ბოსტნეულების მონელებას და მათგან საჭირო ვიტამინების და მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ.

​6. ცილა და სახამებელი (ხორცი და მაკარონი, ყველი, ხორცი და მაკარონი, კარტოფილი, ხორცი და ყველი და ა.შ.) - მათ შორის ყველაზე გავრცელებული მაგ: ჩიზბურგერები, ცილა ნელდება კუჭში მჟავას მეშვეობით, ხოლო სახამებელი, ფუნთუშა ან მაკარონი იწვევს ისეთი ფერმენტის გამოყოფას, რომელიც ქმნის ტუტე მდგომარეობას და შესაბამისად, ანეიტრალებს ცილისთვის საჭირო მჟავე გარემოს, ამიტომ ეს კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერია კუჭ-ნაწლავის სისტემის.

​გისურვებთ ჯანმრთელობას!

წაიკითხეთ სრულად