Baby Bag

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„პირველ რიგში, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს. ბავშვი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი. ის, რაც დღეს დილის მონაცემებია, შედარებით შემცირებულია ჭრილობებიდან გამონაჟონის რაოდენობა, რაც პოზიტიურია. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით გაუარესება არ გვაქვს. სტაბილური მდგომარეობაა გარკვეული გაუმჯობესებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დილით შედგა მორიგი კონსილიუმი. დაისახა დღევანდელი გეგმა. ახლა ძირითადი აქცენტი კეთდება კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, ინფექციის კონტროლზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მოვახერხებთ ამ სტაბილური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ჯერჯერობით რისკები რჩება ძალიან მაღალი.“

„2021 წლის განმავლობაში იაშვილში უბედური შემთხვევის გამო 408 მომართვა იყო. მათ შორის ნახევარზე მეტი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების ფაქტიც. სტატისტიკა არ არის შემცირებისკენ, პირიქით, მატება აღინიშნება. ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა კიდურის ამპუტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ავარიამდე იყო. შემდგომში ძირითადი პრობლემები იქნება სწორედ ამ დაზიანებასთან დაკავშირებული. ჯერ საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. დღევანდელი მდგომარეობა და დადებითი დინამიკა ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვინც არიან აცრილები ამ გოგლი-მოგლი ვაქცინებით, ეს ადამიანები უნდა დავიცვათ,“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ

„ვინც არიან აცრილები ამ გოგლი-მოგლი ვაქცინებით, ეს ადამიანები უნდა დავიცვათ,“ - გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ვაქცინაციის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა ფაიზერით ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს:

„უნდა გადავიდეთ ფაიზერზე. ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. იმ ადამიანებს, ვინც არის აცრილი ნებისმიერი ვაქცინით, ყველას შევთავაზოთ მესამე დოზა. ფაიზერი არის უსაფრთხო, ​რაც უნდა ილაპარაკონ, ის უსაფრთხოა. ჩვენ ამით გავაკეთებთ მაღალ დაფარვას. ის ადამიანები, ვინც არიან აცრილები ამ გოგლი-მოგლი ვაქცინებით, უნდა დავიცვათ.“

გიორგი ფხაკაძის თქმით, ნოემბერში ეპიდაფეთქება იქნება და ის ჩინური ვაქცინებით აცრილ ხალხს შეეხება:

„ჩვენ ვიცით, რომ​ ნოემბერში იქნება აფეთქება ზუსტად ჩინური ვაქცინებით აცრილი ხალხის. ის ადამიანები, ვინც არიან ვაქცინირებულები სინოფარმი/სინოვაკით, მათ გასდით ვადა. ისინი პრაქტიკულად აღარ არიან ვაქცინირებულები, არ არიან დაცულები. ამ ადამიანებში იქნება აფეთქება.“

„ეს ადამიანები დადიან, ამბობენ: „მე აცრილი ვარ, კაცო, ვქეიფობ!“ ჟურნალისტებიც რომ მოდიოდნენ და ვკითხე რით იყვნენ აცრილი, სინოვაკითო მიპასუხეს. არ ხარ აცრილი, თავი დამანებე-მეთქი, ვუთხარი. ხალხს ჰგონია, რომ აცრილია, მაგრამ არ არის აცრილი. ამ ვაქცინებს ორ თვეში გასდის ვადა. ფაიზერი კარგავს 2,5 %-ს თვეში. ​ვისაც აქვს ავადმყოფობები, იმათთან უფრო მალე გასდის ეფექტიანობა. ქვეყანაში უნდა დაიწყოს მესამე დოზით მასობრივი ვაქცინაცია,“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად