Baby Bag

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

„სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„პირველ რიგში, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ სასიცოცხლო პარამეტრების მიხედვით გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს. ბავშვი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. გრძელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი. ის, რაც დღეს დილის მონაცემებია, შედარებით შემცირებულია ჭრილობებიდან გამონაჟონის რაოდენობა, რაც პოზიტიურია. ასევე ძალიან პოზიტიურია, რომ რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით გაუარესება არ გვაქვს. სტაბილური მდგომარეობაა გარკვეული გაუმჯობესებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს დილით შედგა მორიგი კონსილიუმი. დაისახა დღევანდელი გეგმა. ახლა ძირითადი აქცენტი კეთდება კომბინირებულ ანტიბიოტიკოთერაპიაზე, ინფექციის კონტროლზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მოვახერხებთ ამ სტაბილური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუმცა ჯერჯერობით რისკები რჩება ძალიან მაღალი.“

„2021 წლის განმავლობაში იაშვილში უბედური შემთხვევის გამო 408 მომართვა იყო. მათ შორის ნახევარზე მეტი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების ფაქტიც. სტატისტიკა არ არის შემცირებისკენ, პირიქით, მატება აღინიშნება. ამ შემთხვევაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოხდა კიდურის ამპუტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ცხოვრების ხარისხი ვერ იქნება ისეთი, როგორიც ავარიამდე იყო. შემდგომში ძირითადი პრობლემები იქნება სწორედ ამ დაზიანებასთან დაკავშირებული. ჯერ საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. დღევანდელი მდგომარეობა და დადებითი დინამიკა ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს,“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მთავარია, რომ ეს გართულება არ მოჰყვეს კოვიდ-19-ს…” - ექიმი-ლაბორანტი ნინო ღულათავა

„მთავარია, რომ ეს გართულება არ მოჰყვეს კოვიდ-19-ს…” - ექიმი-ლაბორანტი ნინო ღულათავა

ექიმმა-ლაბორანტმა ნინო ღულათავამ იმ გართულებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ბავშვებში კოვიდ-19-ით ავადობას, შესაძლოა, მოჰყვეს:

„ყველაზე რთული რაც არის ბავშვებში, ეს არის ის, რომ ​ხომ არ განვითარდა ოთხ კვირაში მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც არის მულტიორგანული ანთებითი პროცესი. მთავარია, რომ ეს გართულება არ მოჰყვეს კოვიდ-19-ს.“

ნინო ღულათავას თქმით, შესაძლოა, ანალიზებმა ბავშვის სისხლში სხვადასხვა ცვლილებაც გამოავლინოს:

„შესაძლებელია, რომ​ C - რეაქტიული ცილაც იყოს ოდნავ მომატებული, D-დიმერიც იყოს, სისხლის საერთოში გვქონდეს ლეიკოციტარულ ფორმულაში ეს ცვლილებები. თვეში ერთხელ გამოკვლევა აბსოლუტურად მისაღებია და საკმარისია იმისთვის, რომ დინამიკა დავიჭიროთ, ვნახოთ, ხომ არ არის რაიმე სხვა გართულებები.“

„კლინიკური სიმპტომები, რაც გაჩნდა კოვიდ-19-ის შემდეგ, უძილობა ბავშვებში, შფოთავს ბავშვი, ან გამონაყარი ხომ არ გაჩნდა, ტკივილები ხომ არ გაუჩნდა კუნთების ან სახსრის. უნდა მოხდეს ექიმთან კონსულტაცია და სიმპტომური მკურნალობა იქიდან გამომდინარე, თუ რა გამოვლინდა ბავშვთან. როგორც წესი, თვეში ერთხელ საკმარისია,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ღულათავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო​: „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად