Baby Bag

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ბიუჯეტში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომავალ წლებში აღნიშნული დაფინანსება მომართვიანობიდან გამომდინარე გაიზრდება:

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებითაც უკვე შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს.

მომართვიანობიდან გამომდინარე ჩვენ უკვე მომავალ წლებში გავზრდით შესაბამის დაფინანსებას,“ - აღნიშნული სიახლის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წყარო: ​„ქრონიკა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად