Baby Bag

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა,“- თორნიკე რიჟვაძე ახალი ინიციატივის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალ ბიუჯეტში უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარის გამოყოფა იგეგმება. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მომავალ წლებში აღნიშნული დაფინანსება მომართვიანობიდან გამომდინარე გაიზრდება:

„ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას ჩვენ გვაქვს ახალი ინიციატივები, რომელიც შეეხება სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებებს. არაერთი მოქალაქე მოგვმართავდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში დავაფინანსოთ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ამ მიმართულებითაც უკვე შემდეგი კორექტირების დროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და ეს მოხმარდება ამ ადამიანების საჭიროებებს.

მომართვიანობიდან გამომდინარე ჩვენ უკვე მომავალ წლებში გავზრდით შესაბამის დაფინანსებას,“ - აღნიშნული სიახლის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წყარო: ​„ქრონიკა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მზის გულზე ხანგრძლივად, 5-6 საათით ყოფნა გადახურებას და მზის დაკვრას იწვევს, ხშირია გონების დაბინდვა, გულისრევა, კანკალი,“ - გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ზაფხულის აქტუალური პრობლემის, კანის დამწვრობის შესახებ ისაუბრა:

„წელს ლეღვის ნახარშით დამწვრობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 წლის ქალბატონმა რუჯის მიღების მიზნით გამოიყენა ნახარში, სამწუხაროდ ასეთი ფაქტები ისევ ხდება. იმედი გვქონდა, რომ წელს მაინც არ იქნებოდა ასეთი შემთხვევა, იმედს ვიტოვებ, რომ აღარ განმეორდება.“

გუგა ქაშიბაძის თქმით, დამწვრობის თავიდან ასაცილებლად გარკვეული წესების დაცვა აუცილებელია:

„მზის გულზე გასეირნება არ არის აუცილებელი, ქიმიურ დამწვრობას მთვარის სინათლეზეც კი მივიღებთ. ამ პერიოდში, როდესაც ჩვენი კანი თეთრი ფერისაა და მზეზე ყოფნას არ არის მიჩვეული, რუჯი ნელ-ნელა უნდა მივიღოთ. მგონი, ყველას ესმის, რომ ერთ დღეში ერთი კვირის რუჯს ვერ მივიღებთ. ადამიანები ცდილობენ, რომ პირველივე დღეს რამდენიმე საათი დაჰყონ მზის გულზე, რაც არასწორია. ბუნებრივია, საჭიროა მზისგან დამცავი კრემების გამოყენება. ამ კრემებსაც მოხმარების გარკვეული წესები აქვს. თუ წყალში ხშირად ჩავდივართ, კრემის წასმა განმეორებით დაგვჭირდება. ბევრი მზისგან დამცავ კრემებს ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ არ მუშაობს. სინამდვილეში კრემი ძალიან ეფექტურია. უმჯობესია, თუ მის გამოყენებამდე დერმატოლოგს ვნახავთ და კანს უკეთ გავიცნობთ. ზოგიერთი კანის დაავადების დროს მზეზე გასვლა საერთოდ არ არის მიზანშეწონილი. თუ გვინდა მზე იყოს ჩვენი მეგობარი და ჩვენს მეგობრად დარჩეს, მისი სასარგებლო თვისებები უნდა გამოვიყენოთ. დასვენების დღეები, რომელიც ბუნებამ გვარგუნა, დამწვრობის მკურნალობაში არ უნდა დავხარჯოთ.“

„სეზონის დაწყებიდან მზით დამწვრობის 15 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა დასჭირდა. ყველაზე პატარა პაციენტი 13 წლის გოგონა იყო, ყველაზე დიდი კი 32 წლის ქალბატონი. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მზით დამწვარი პაციენტები რეანიმაციაშიც კი მოხვედრილან. მზის გულზე ხანგრძლივად, 5-6 საათით ყოფნა გადახურებას და მზის დაკვრას იწვევს. ხშირია გონების დაბინდვა ან დაკარგვა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი, კანკალი. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენს ორგანიზმს უჭირს. კარგად დასვენება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. თუ კარგად ვერ დავისვენებთ, ვერც კარგად ვიმუშავებთ და ვერც კარგად ვისწავლით. მზით დამწვრობა ორი კვირის განმავლობაში რიტმიდან გვაგდებს, ხშირად პიგმენტურ ლაქებსაც ტოვებს. ადამიანებს 3-4 დღე აქვთ შვებულება, ერთხელ დაიწვებიან, მეორე-მესამე დღეს სახლში არ დარჩებიან, კიდევ მოინდომებენ გასვლას და მერე პიგმენტური ლაქები რჩებათ, რომლებიც ძალიან რთული მოსაშორებელია. ხანგრძლივად მზის გულზე ყოფნა ნაადრევ დაბერებას და კანის გამოშრობას იწვევს,“ - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

წაიკითხეთ სრულად