Baby Bag

„გადავწყვიტე, რომ მეც ჩავიდე უკრაინაში, სადაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება,“- გიორგი ღოღობერიძე

„გადავწყვიტე, რომ მეც ჩავიდე უკრაინაში, სადაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი დახმარება,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ უკრაინაში მიემგზავრება:

„დიდხანს ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მეც უშუალოდ ჩავსულიყავი იქ, სადაც ახლა ყველაზე ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება. მათ შორის, ექიმების დახმარება. საქმე ეხება უშუალოდ უკრაინას. ძალიან ბევრი ქართველი ექიმი ჩავიდა და მეც მინდა, რომ ამ გუნდს შევუერთდე ჩვენი გადაცემიდან ჩემს მეგობრებთან ერთად. რამოდენიმე დღეში ჩვენ შევძლებთ, რომ იქ ჩავიდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.“

„არ იქნებოდა სწორი, რომ მე დავრჩენილიყავი თბილისში და მხოლოდ ვიდეომიმართვით გამომეხატა ჩემი თანადგომა. ჩვენ შეგვიძლია იქაურ ბავშვებს დავეხმაროთ, იქაურ ხალხს დავეხმაროთ. როგორც ექიმისთვის, იარაღის აღება და ვიღაცის წინააღმდეგ სროლა საკმაოდ დიდი გამოწვევა იქნება და თუ გამოუვალი სიტუაცია არ იქნება, ნაკლებად მოვახერხებთ. შეგიძლიათ დარიცხოთ თანხები, რამდენიც შეგიძლიათ. ეს იქ მოხმარდება უკრაინელ ბავშვებს. ჩვენ მათ დავეხმარებით საკვებით, მედიკამენტებით, დავეხმარებით თავშესაფრის მოძიებაში, ტრანსპორტირებაში, დაბინავებაში. ჩვენ გვჭირდება თანადგომა თქვენგანაც. ეს არის ანგარიშის ნომერი: GE98TB7029745063600040. რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუზიარეთ ეს ინფორმაცია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის საკვებში უნდა ჭარბობდეს ყვითელი ხილი და ბოსტნეული,“- ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია

„ბავშვის საკვებში უნდა ჭარბობდეს ყვითელი ხილი და ბოსტნეული,“- ენდოკრინოლოგი ეკატერინე ფაცაცია

ენდოკრინოლოგმა ეკატერინე ფაცაციამ მშობლებს ურჩია, რომ ბავშვის სიმაღლეში ზრდის პროცესის სტიმულირებისთვის, მისი კვების რაციონი A ვიტამინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით გაამდიდრონ:

„იმისთვის, რომ ყველაფერი ნორმალურად განვითარდეს, ბავშვს არ ჰქონდეს პრობლემა ზრდასა და განვითარებაში, კვება უნდა იყოს მოწესრიგებული, ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ხელშეწყობილი და ძილის რეჟიმი მოწესრიგებული. მეტი ცილოვანი პროდუქტები უნდა იყოს ბავშვის საკვებში და ნაკლები რაფინირებული ნახშირწყლები, იმიტომ, რომ ისინი ზრდის ჰორმონს აფერხებენ. ზრდის ვიტამინი არის ვიტამინი A. ბავშვის საკვებში უნდა ჭარბობდეს ვიტამინ A-თი გაჯერებული პროდუქტები. ეს არის ყვითელი ფერის ბოსტნეული და ხილი. ეს შეიძლება იყოს სტაფილო და ციტრუსი, კომბოსტო, ყველი, ხორცი, ღვიძლი, კარაქი და რძე. ეს არის აუცილებელი საშენი მასალისთვის.“

„ძალიან მარტივი ვარჯიში, რომელიც დღესვე შეუძლია ოჯახში ყველას გააკეთოს, ბავშვმა უნდა სცადოს, რომ სიმაღლეზე დაკიდებულ საგანს ხელით მისწვდეს, ასევე ცურვა არის ხელშემწყობი. ძალიან კარგია სიმაღლეში ზრდისთვის ბატუტზე ხტუნვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ხარისხიან ძილს. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის გამომუშავებას. ძილის წინ აუცილებლად შებრძანდით, მოეფერეთ თქვენს შვილებს, გაანიავეთ საძინებელი, დაწოლამდე ერთი საათით ადრე გაასეირნეთ ბავშვი,“- აღნიშნულ საკითხზე ეკატერინე ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა უქმეებზე“

წაიკითხეთ სრულად