Baby Bag

„ზედმეტი იყო ის ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა... პროდუქტები, რომლებიც დახლებზე დაცარიელდა, დღეს ისევ აივსება,“- ვახტანგ ჭარაია

„ზედმეტი იყო ის ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა... პროდუქტები, რომლებიც დახლებზე დაცარიელდა, დღეს ისევ აივსება,“- ვახტანგ ჭარაია

თსუ-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ გუშინ მაღაზიებში დაცარიელებული დახლების გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„გუშინდელი პანიკა ნამდვილად უსაფუძვლო იყო, მით უმეტეს, ცალკეულ პროდუქტებზე, რომლებიც საერთოდ არ არის დამოკიდებული არც რუსეთზე, არც ბელორუსზე, არც უკრაინაზე. ზედმეტი იყო ის ყველაფერი, რაც გუშინ მოხდა. იმედია, საზოგადოება შემდეგ ჯერზე უფრო ყურადღებით იქნება. შაქარი საერთოდ არ არის ჩრდილოელ მეზობელთან კავშირში. ამას შეიძლება პროდუქტებზე ფასის ხელოვნური ზრდა მოჰყვეს. ამ პროდუქტების იმპორტიორი არის ლამის ყველა ქვეყანა, გარდა ჩვენი მეზობლებისა. რუსეთს, რომელზეც დიდი აქცენტი კეთდება, შაქრის იმპორტში 1%-ზე დაბალი წილი აქვს. ძირითადი იმპორტიური ბრაზილიაა. არანაირი საჭიროება არ არსებობდა იმისა, რომ შაქრის მარაგები გაეკთებინა საზოგადოებას.“

ვახტანგ ჭარაიას თქმით, საქართველოს პროდუქტების მარაგები საკმარისად აქვს და ამ მხრივ სირთულეები არ არსებობს:

„შეიძლება ცოტა სხვა მდგომარეობა იყოს ზეთთან და გარკვეულ რძის პროდუქტებთან მიმართებაში. აქაც არაფერი საგანგაშო არ ხდება. საქართველოს აქვს მარაგები, მოწოდების გზები და ალტერნატივები. არ გვაქვს არავითარი სირთულე მომარაგების კუთხით. პროდუქტები, რომელიც დახლებზე გუშინ დაცარიელდა, დღეს ისევ აივსება. ის მომხმარებელი, რომელმაც 3 ლარის მაგივრად 5 ლარი გადაიხადა შაქარში, დღეს დაინახავს, რომ ისევ 3 ლარი ღირს. ის მოტყუებული დარჩება, თავის თავს მოატყუებს.“

„ათეულობით ბოთლი ზეთის ყიდვა, რომელიც შეიძლება რამოდენიმე წელი გეყოს, არ არის საჭირო. ისეთებსაც ვიცნობ, პანდემიის დასაწყისში რომ მარაგები გაიკეთეს, დღესაც არ დაუმთავრებიათ. არ არის საჭირო მსგავსი აჟიოტაჟი, 2008 წელსაც კი არ იყო მსგავსი აჟიოტაჟი. არ არის ასე მარტივი, რომ მოშალო ეს ყველაფერი,“- აღნიშნულ საკითხზე ვახტანგ ჭარაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ ფაიზერს დაველოდო? - ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს, მათთვის მარტივად ვიტყვი...''

,,შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ ფაიზერს დაველოდო? - ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს, მათთვის მარტივად ვიტყვი...''

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

„შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა - ჩინურით, თუ ფაიზერს დაველოდო?

ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს მათთვის მარტივად ვიტყვი:

​***სინოვაკით აცრა (რაც უკვე საქართველოში შესაძლებელია) დღეს, გაცილებით (!) უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ბოლომდე, ვიდრე თუნდაც ორი კვირის მერე ფაიზერით აცრა***.


​ის, ვისთვისაც ეს დაუჯერებლად ჟღერს, ქვემოთ ავხსნი მე-8 კლასის მათემატიკის დონეზე.


​ეს დასკვნა ეფუძნება გარკვეულ ფაქტებს
და ეს ფაქტები არის დღესდღეობით არსებული სამედიცინო ლიტერატურიდან ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო და ავტორიტეტული წყაროებიდან, როგორებიცაა: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, New England Journal of Medicine.

ეს ფაქტები და დაშვებებია შემდეგი:

- ფაიზერი უფრო ეფექტური ვაქცინაა და უკეთ (უფრო მეტ პროცენტში) იცავს ხალხს კორონავირუსის ინფექციისგანაც და მისგან სიკვდილისგან, ვიდრე ჩინური ვაქცინა. ეს ნამდვილად ასეა, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის, რომ ჩინური უფრო ეფექტურიაო არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სწორედ ამ სიმართლეს შეჰყავს შეცდომაში ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ისინი, ვინც ფაიზერს „ელოდებიან“.

- უახლესი კვლევის საფუძველზე ერთი და იმავე ქვეყანაში და პოპულაციაში და იმავე დროის პერიოდში (რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინტერპრეტაციისთვის) შედარდა ფაიზერის და სინოვაკის (ჩინური) ვაქცინების ეფექტურობა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფაიზერი უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე სინოვაკი.

- მაგრამ, როგორც ამერიკელები ამბობენ - „ეშმაკი დეტალებშია დამალული“. ეს განსხვავება ამ ორ ვაქცინას შორის ძირითადად იყო მსუბუქი ფორმების ხარჯზე. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია - სიკვდილისგან და კრიტიკული ფორმებისგან დაცვაში განსხვავება გაცილებით მცირე, დაახლოებით, 5 პროცენტი იყო: 91% დაცვა ფაიზერისგან და 86% სინოვაკისგან. ეს უკანასკნელი კვლევა ჩილეში ჩატარდა, სადაც ბრაზილიური შტამია დომინანტური, თუმცა მანამდე არსებულ კვლევებშიც (სხვა შტამებზე) მსგავსი პროპორციებია - ფაიზერი ლიდერობს მნიშვნელოვნად სიმპტომური ინფექციების პრევენციაში, თუმცა მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობაზე სინოვაკი (და სხვა ვაქცინებიც) საკმაოდ უახლოვდება მას. აქედან გამომდინარე, ნამდვილად ლოგიკურია, რომ დელტა შტამზეც მსგავსი პროპორციები იყოს დაცული (ამ არგუმენტში გვეხმარება დიდი ბრიტანეთის დღევანდელი სიტუაცია, სადაც თითქმის 100% დელტა შტამია და მიუხედავად იმისა - ასტრაზენეკას მიერ სიკვდილიანობის 90%-ით შემცირება).

- ვაქცინის „ეფექტურობაზე“ რომ საუბრობენ, სტანდარტულად იგულისხმება სიმპტომური ინფექციისგან პროცენტული დაცვა (რომლის დიდი პროცენტიც მსუბუქი ფორმაა). ამას გარკვეულწილად შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რადგან მგონი ყველა ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინა სიკვდილისგან დაიცავს თუ არა, ვიდრე ის, რომ მსუბუქი სურდოს მსგავსი ინფექცია ექნება თუ არ ექნება.

- ვაქცინისგან სრული დაცვა (ზემოთ მოყვანილი პროცენტები) საერთაშორისოდ მიღებულია, რომ ყალიბდება მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ.

ახლა კი მათემატიკაზე გადავიდეთ:

პირობითად ავიღოთ, რომ ვაქცინის გარეშე (დაუცველი) გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი *ყოველთვიურად* 100%-ია (ან 100, მარტივი გამოთვლისთვის). ეს ნიშნავს, რომ ფაიზერით ორჯერ აცრილ პოპულაციაში ეს იქნება 9 ადამიანი (91%-ში იცავს სიკვდილისგან, 100-91 = 9), სინოვაკის შემთხვევაში ეს იქნება 14 (100-86 = 14).
ეს ნიშნავს, ახლა (ივლისის შუაში) რომ აიცრას ადამიანი და შემდეგ მეორე დოზა აგვისტოს 15-ში, 1-ლი სექტემბრისთვის უკვე სრული დაცვა ექნება. ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი - თითოეულ თვეში სიკვდილიანობა იქნება 14. სულ 14+14+14+14= 56 (ნაცვლად აუცრელების 400-სა იმავე პერიოდში).
ორ კვირას რომ „დაველოდოთ“ და მერე ფაიზერით ავიცრათ (დაუჯერებლად კარგ შემთხვევაში რომ ფაიზერი იქნება, იმ დროს), სურათი ასეთია.
სექტემბრის პირველი ორი კვირა ჯერ კიდევ დაუცველია პაციენტი. ანუ, თუ მთელ სექტემბერში აუცრელი პაციენტი 100 კვდებოდა, პირველ ნახევარში მოკვდება 50, მეორე ნახევარში 4.5 (ცხრის ნახევარი), ნუ დავამრგვალოთ ფაიზერის სასარგებლოდ 4. ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში 9-ები. ანუ სულ ჯამში: 50 + 4 + 9 + 9 + 9 = 81.

შედეგი ასეთია,
***თქვენ დღეს რომ აიცრათ ჩინური ვაქცინით, 45%-ით მეტად ხართ დაცული წლის ბოლომდე კორონათი სიკვდილისგან*** ( (81 – 56 ) / 56 *100= 45%).

რა თქმა უნდა, ეს გამარტივებული გამოთვლაა, რომ პოსტი წაკითხვადი იყოს, და მრავალი წვრილმანი ფაქტორის დამატება შეიძლება (მაგალითად, ნაწილობრივი დაცვა პირველი დოზისგან ორივე ვაქცინის შემთხვევაში). თუმცა რომც გავითვალისწინოთ ის წვრილმანები - ამხელა, 45%-ს დიდად ვერ შეცვლის. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ ორ კვირაზე მეტი ხანი, ვინც ელოდება ფაიზერს, ეს ციფრი გაცილებით იზრდება (ერთ თვეში უკვე 100%-ზე მეტია).

მე აქ რომელიმე ვაქცინას კი არ ვუწევ აგიტაციას - უბრალოდ ის ერთი შეხედვით „უხილავი“ ციფრები გამომყავს სააშკარაოზე მათთვის, ვინც დაბნეულია, და ვისაც ჯერჯერობით არ უნდა ღმერთთან (ან უარეს შემთხვევაში ეშმაკთან) შეხვედრის კორონა-ლატარია მოიგოს, რასაც ყოველთვიურად 600 ადამიანი იგებს საქართველოში.

როგორც ბიძინა იტყოდა: აი-👍!'' - აღნიშნავს დავით მრელაშვილი. 

წაიკითხეთ სრულად