Baby Bag

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

„თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ?“ – 8 წლის გოგონას სულისშემძვრელი კითხვა დედას

უკრაინელი ქალი, რომელიც კიევის მახლობლად შვილთან ერთად ცხოვრობს მედიასთან საუბარში იმ მძიმე ეტაპის შესახებ ყვება, რომლის გადატანაც ბავშვთან ერთად უწევს. 41 წლის მარინა მასწავლებელია. მისი ქალიშვილი სოლომია 8 წლის გოგონაა და ომთან დაკავშირებით დედას უკვე რთულ კითხვებს უსვამს.

„ის ყოველთვის მეკითხება: დედა, თუ რუსები ჩვენს ქალაქში შემოვლენ, ისინი ყველა ბავშვს მოკლავენ? ჩვენ ხომ უკრაინელები ვართ და უკრაინულად ვლაპარაკობთ. ასე რატომ ბრაზობენ ჩვენზე?“- ამბობს აღელვებული დედა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სოლომიას სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

„პუტინი შეშლილი კაცია. ის მანიაკია. უკრაინის შემდეგ ის არ გაჩერდება. შემდეგი ესტონეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სხვა ქვეყნები იქნებიან,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას თქმით, მას ქალაქიდან გასვლა ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან გზების ნაწილი ჩაკეტილია, დანარჩენ გზებზე კი საშინელი საცობებია.

„არ ვიცი ჩემი შვილი ხვალ ან ზეგ უსაფრთხოდ იქნება თუ არა,“- წუხს სოლომიას აღელვებული დედა.

წყარო: ​wfaa.com

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ დავამშვიდოთ ზედმეტად ემოციური ბავშვი ძილის წინ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

როგორ დავამშვიდოთ ზედმეტად ემოციური ბავშვი ძილის წინ? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ სოციალურ ქსელში მშობლის კითხვას უპასუხა, რომელიც ზედმეტად ემოციური შვილის ჩაძინების პრობლემის გამო ჩიოდა. დედის თქმით, მისი ერთი წლის ვაჟი ძალიან ემოციური ბავშვია, ყოველთვის აქტიურობს, თამაშობს, ერთობა, ჩაძინება კი უმეტესად უჭირს. მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვს ძილი უნდა, თუმცა ვერ ახერხებს, რომ ჩაიძინოს.

ევგენი კომაროვსკის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„ვფიქრობ, რომ თქვენ ნორმალური, ჩვეულებრივი ბავშვი გყავთ და არანაირი პრობლემა არ გაქვთ. საღამოს საათებში ბავშვს ნუ შესთავაზებთ აქტიურ თამაშებს. არჩევანი ნაკლებად ემოციურ აქტივობებზე შეაჩერეთ, მაგალითად, ხანგრძლივ სეირნობებს მიანიჭეთ უპირატესობა.

​თუ ჩემგან გსურთ მიიღოთ რჩევა სასწაულმოქმედი აბების შესახებ, რომელიც ბავშვს დაამშვიდებს და ჩაძინებაში დაეხმარება, მსგავსი პრეპარატი არ არსებობს ამ ასაკის ბავშვებისთვის. ნებისმიერი დამამშვიდებელი ან საძილე პრეპარატის მიცემა აღნიშნული ასაკის ბავშვის ან ორსულისთვის სამედიცინო თვალსაზრისით დანაშაულია. სწორედ ამიტომ, დამამშვიდებლების გამოყენებაზე ფიქრი დაივიწყეთ.

ბავშვის დამშვიდება მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლით არის შესაძლებელი. უნდა გაზარდოთ მისი ფიზიკური დატვირთვა, შეამცირეთ ემოციური გამაღიზიანებლები, შეცვალეთ ბავშვის კვების, ძილისა და სეირნობის განრიგი.

გსურთ, რომ თქვენს შვილს ღამით კარგად ეძინოს? არ მისცეთ მას დღისით დაძინების საშუალება. ძილის პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მე არაერთი ვიდეორგოლი მაქვს ჩაწერილი და შეგიძლიათ ამ ინფორმაციასაც გაეცნოთ,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად