Baby Bag

ჩვილებში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციების გამოწვევის გამო 3 ტიპის საბავშვო ფორმულა მწარმოებელმა გაყიდვებიდან გაიწვია

ჩვილებში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერიული ინფექციების გამოწვევის გამო 3 ტიპის საბავშვო ფორმულა მწარმოებელმა გაყიდვებიდან გაიწვია

კომპანია Abbott Nutrition-მა გაყიდვებზე გატანილი პოპულარული საკვები ფორმულები Similac, Alimentum და EleCare უკან გაიწვია, რადგან პროდუქტის მიღების შემდეგ ოთხი ჩვილი ბაქტერიული ინფექციის განვითარების გამო საავადმყოფოში მოხვდა. Abbott Nutrition ბავშვთა კვების ცნობილი კომპანიაა, რომლის საკვებ პროდუქტებს ჩვილების კვებაში მშობლები აქტიურად იყენებენ.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ოთხი მომხმარებლის საჩივარი განიხილა. სამი საჩივარი ჩვილებში კრონობაქტერ საკაზაკის შემთხვევების გამოვლენას შეეხებოდა. აღნიშნული ბაქტერია ტვინისა და ხერხემლის დამცველ მემბრანებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ ანთებით პროცესებსა და ინფექციებს იწვევს. კრონობაქტერმა, შესაძლოა, ნაწლავებიც დააზიანოს და სისხლის მეშვეობით ორგანიზმის სხვა ნაწილებშიც გავრცელდეს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ხუთშაბათს მშობლების ინფორმირებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ტეხასის, ოჰაიოსა და მინესოტას შტატებში ოთხი ჩვილის ბაქტერიული ინფექციით დაავადების შესახებ იყო საუბარი. სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა, რომ ბაქტერიული ინფექცია ერთ-ერთი ჩვილის გარდაცვალების მიზეზიც გახდა.

კომპანია Abbott Nutrition-მა მომხდარის გამო უკან გაიწვია Similac-ის, Alimentum-ისადა EleCare-ის პროდუქციის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელსაც ვადა 2022 წლის პირველ აპრილს ან უფრო გვიან ეწურება. გაწვეულ პროდუქტებს შორის არის ისეთი ფორმულები, რომლებსაც კონტეინერის ბოლოში აქვს მრავალი რიცხვის შემცველი წარწერა. ბაზრიდან ამოღებული ფორმულების წარწერები 22-დან 37-ის ჩათვლით რიცხვებით იწყება და შეიცავს K8-ს, SH-ს ან Z2 წარწერებს.

სიმილაკის საბავშვო ფორმულები ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. მწარმოებელი კომპანია საბავშვო ფორმულებში კრონობაქტერისა და სხვა პათოგენების შემცველობას იკვლევს.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად გამოძიების პროცესში აქტიურად არის ჩართული.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია მშობლებს ურჩევს, რომ აღნიშნული საბავშვო ფორმულის გამოყენების შემხვევაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდნენ და ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის გამოვლენისას ექიმს მიმართონ.

წყარო: ​Nytimes.com


შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ძალიან ძველი გურულების რეცეპტი, რომლის მიღების შემდეგ ბავშვები საერთოდ არ ავადობენ,“- ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე

„ეს არის ძალიან ძველი გურულების რეცეპტი, რომლის მიღების შემდეგ ბავშვები საერთოდ არ ავადობენ,“- ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე

ტრადიციული მედიცინის წარმომადგენელმა, ენდოკრინოლოგმა ნინო ვაშაკიძემ იმუნიტეტის გასაძლიერებლად საინტერესო რეცეპტი შემოგვთავაზა, რომელსაც „გურულების რეცეპტი“ ეწოდება:

​ერთი არაჩვეულებრივი რეცეპტი მაქვს, რომელსაც „გურულების რეცეპტს“ ვუწოდებ. ერთლიტრიან ქილაში იდება 10 კვერცხი, შემდეგ ლიმონი უნდა დაასხათ. იქვე დაინახავთ, როგორ დნება კვერცხის ნაჭუჭი. ლიმონი და კვერცხი 10-14 დღე ბნელ ადგილას უნდა დავდოთ. ათი დღის შემდეგ დაინახავთ, რომ ნაჭუჭი არის დამდნარი.“

ნინო ვაშაკიძემ დეტალურად აგვიხსნა, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ გურულების რეცეპი:

„დიდი ქართული ლიმონი თუ გვაქვს, ათი კვერცხისთვის ათი ცალი დაგვჭირდება. კვერცხი უნდა იყოს აუცილებლად სოფლის და არა ქარხნის. ორი კვირის შემდეგ ეს კვერცხი ფრთხილად უნდა ამოიღოთ. ამ კვერცხს უკვე ნაჭუჭი არ აქვს. ამ კვერცხებიდან დაგვჭირდება ხუთი კვერცხის გული. ვაკეთებთ გემრიელ გოგლი-მოგლს. გვჭირდება 200 გრამი შაქარი, 200 გრამი თაფლი, შემდეგ ემატება ყველაზე მთავარი ინგრედიენტი: კვერცხის ნაჭუჭი უკვე გამდნარ მდგომარეობაში, ლიმონი და 200 გრამი კონიაკი.“

„ეს არის ძალიან ძველი, გურიაში მიღებული რეცეპტი. მითხრეს, რომ ცნობილი „პაჭკორიას წამალი“ ამ რეცეპტის საფუძველზე კეთდება. კვერცხის ნაჭუჭში მიკროელემენტების თანაფარდობა იგივეა, რაც ჩვენს ორგანიზმში. თუ ორგანიზმში რამე გაკლიათ, ის შეიწოვება და არა ის, რაც არ გჭირდებათ. როდესაც ყველაფერი გამზადდება, დღეში ორჯერ 50 გრამი ჭამამდე 20 წუთით ადრე უნდა მიიღოთ. ​ბავშვები საერთოდ არ ავადობენ. მე ვიწყებდი ოჯახში ოქტომბერში, ვამთავრებდი მარტში. ეს რეცეპტი განკუთვნილია სამი წლის ასაკიდან ბავშვებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო ვაშაკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​დილა ფორმულაზე 

წაიკითხეთ სრულად